GM-მა "საქართველოს ბანკთან" ანგარიში ბოლო წუთზე გაათანაბრა!
ყველა სიახლე15 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წწ. სეზონის ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.
დღე ბრინჯაოს ლიგით დაიწყო. "ბაზისბანკმა" "კრედო ბანკი" 4-1 დაამარცხა და პირველი გამარჯვებაც იზეიმა. "BB" წინ მეოთხე წუთზე გავიდა. ტაიმი მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა. მეორე ნახევარში "ბანკირების დერბიში" "ბაზისბანკმა" უპირატესობა გაზარდა და საბოლოოდ მეტოქეს სამბურთიანი სხვაობით მოუგო. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი შეასრულა გიორგი პაპოშვილმა, გოლი და სამი საგოლე გადაცემაა არჩილ კელიხაშვილის სახელზე.
"ლიბერთი ბანკმა" "თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან" 2-1 იმარჯვა. მეცხრე წუთზე მიღებულ გოლს "TTC"-მ მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე უპასუხა. თამაშის მიწურულს გამარჯვების გოლი კახა გოგოხიამ გაიტანა და "ბანკირები" სატურნირო ცხრილში ორიდან ორი მოგებით გალიდერდნენ.
დაძაბული გამოდგა ვერცხლის ლიგაში "რუსთავის აზოტისა" და "NS Studio"-ს დაპირისპირება. შეხვედრის პირველი ნახევარი მშრალი ანგარიშით დასრულდა. მეთოთხმეტე წუთზე "არქიტექტორები" დაწინაურდნენ, რასაც მათ კარში ორი გოლი მოჰყვა. ირაკლი კლიმიაშვილის გოლით და შემდგომ შედეგანი გადაცემით, რომელიც სანდრო ბოჭორილშვილმა გამოიყენა, "NS Studio"-მ 3-2 მოიგო.
3-1 სძლია "ავერსმა" "ფარვანას. "ნინოწმინდელები" წინ ავტოგოლით გავიდნენ. "ფარმაცევტებმა" სხვაობა აღმოფხვრეს და მეორე ტაიმში ორი ბურთით დაწინაურდნენ.
ერთი შეხვედრა გაიმართა ოქროს ლიგაში. "საქართველოს ბანკი" და "ჯორჯიან მანგანეზი" ფრეზე გაიყარნენ - 1-1. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ დიმიტრი ხუციანიძემ "BOG" ოცდამეორე წუთზე დააწინაურა. მალევე GM-ს ექვსმეტრიანით შეეძლო წონასწორობის აღდგენა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. მატჩის ბოლო წუთზე გივი სანებლიძის გოლით ანგარიში მაინც გათანაბრდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
სუპერლიგაში "არმიამ" "ნიკორა" კომფორტული სხვაობით 4-1 დაამარცხა. "ძალოვნებმა" ანგარიში მეოთხე წუთზე გახსნეს, რასაც "ნიკორამ" მალევე უპასუხა, მაგრამ ტაიმის ბოლოს "არმიამ" ლიდერობა დაიბრუნა და მთელი მეორე ნახევარი თამაშს აკონტროლებდა. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი და ორი შედეგიანი გადაცემაა დავით კოხრეიძის სახელზე.
სათამაშო დღე "შსს"-ს დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც "ბაქსვუდს" 5-0 სძლია. გუნდს სამი ქულის მოპოვებაში ოთხი გოლით გიორგი ყაზარაშვილი დაეხმარა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 22 დეკემბერს გაიმართება.