"BSC"-მ საკუთარ კედლებში ლიდერი დაამარცხა | "EU"-მ ცხრილში პირველობა გაიმყარა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 3-ის 2024-25 წწ. სეზონის მეცხრე ტურის შეხვედრები 10 დეკემბერს ბათუმში და 11 დეკემბერს თბილისში გაიმართა. სატურნირო ცხრილის ლიდერმა "UG2"-მა გასვლაზე ქულები დაკარგა, "EU"-მ კი უშუალო კონკურენტთან მოიგო და ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნა.
"ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა" "რუსთავს" უმასპინძლა და საკუთარ კედლებში 5-3 დამარცხდა. მატჩი "BNTU"-ს უპირატესობით დაიწყო. "ბათუმელები" ორი ბურთით ლიდერობდნენ, მაგრამ სტუმრებმა პირველივე ტაიმში შეძლეს ანგარიშის შემოტრიალება (3-2). მეორე ნახევარში "აჭარლებმა" ერთი გოლი გაქვითეს. "რუსთავმა" საბოლოოდ უპირატესობა გაიმყარა და შინ სამი ქულით დაბრუნდა. შეხვედრაში საუკეთესო ჰეთ-თრიკის ავტორი ლევან მჭედლიშვილი გახდა.
დაძაბული იყო "ბათუმის სპორტული ცენტრისა" და "UG 2"-ის დაპირისპირება. "სტუდენტებმა" ჩამორჩენა ორჯერ აღმოფხვრეს და მეორე ტაიმს ანგარიშით 2-2 შეხვდნენ. ლუკა ჩარგეიშვილმა ოცდამეათე წუთზე აქტივში მესამე გოლი მიითვალა და BSC-ს გამარჯვება მოუტანა - 3-2.
"ევროპის უნივერსიტეტმა" "სასკოლო ლიგის აკადემიასთან" პირველ წრეში მარცხისთვის რევანში აიღო. გუნდები ერთმანეთს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაუპირისპირდნენ. "EU"-მ მეტოქე დიდი ანგარიშით 6-1 დაამარცხა. შეხვედრის პირველ ნახევარში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. "სტუდენტებმა" ერთბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, მეორე ტაიმში კი სხვაობა კომფორტული გახადეს. გამარჯვებული გუნდიდან სამი გოლი დავით ბაბუციძის სახელზეა.
ტური "აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა" და "ავლაბარის" დაპირისპირებით დასრულდა. გიორგი იდაძემ ანგარიში მეცხრამეტე წუთზე გახსნა. შეხვედრაში წონასწორობა გიორგი ბოლქვაძემ აღადგინა. საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე ლუკა გურეშიძემ გოლი გაიტანა და "აწსუ"-მ 2-1 იმარჯვა.
ფუტსალის ლიგა 3-ში ზამთრის პაუზა დაიწყო. ჩემპიონატი 2025 წლის იანვარში მეათე ტურით განახლდება.