ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ძირითად ტურნირებში I ტურის მატჩები გაიმართა!

ყველა სიახლე
03 დეკემბერი 2024

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ძირითად ტურნირებში I ტურის მატჩები გაიმართა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წწ. სეზონის პირველი სათამაშო დღე გაიმართა. ერთმანეთს ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის გუნდები დაუპირისპირდნენ. 

ბრინჯაოს ლიგა მოქმედი ჩემპიონის "ლიბერთი ბანკის" მატჩით გაიხსნა. "ბანკირებმა" "კრედოს" 5-2 მოუგეს. "კრედო ბანკი" მეცამეტე წუთზე გატანილი გოლით იგებდა, მაგრამ ტაიმის ბოლომდე "ლიბერთიმ" კომფორტული უპირატესობა მოიპოვა და შემდეგ გამარჯვებაც არ გასჭირვებია. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი კახა გოგოხიამ შეასრულა. 

ლიგის სხვა შეხვედრაში "თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" "ბაზისბანკი" 2-0 დაამარცხა. TTC-მ მეტოქეს პირველ ნახევარში გატანილი გოლებით მოუგო.

დაძაბული იყო ვერცხლის ლიგაში "რუსთავის აზოტისა" და "ავერსის" დაპირისპირება. "აზოტი" მეხუთე წუთზე წინ გავიდა, მაგრამ "ფარმაცევტებმა" მეტოქეს სამი გოლით უპასუხეს. ბოლო წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა და "რუსთავის აზოტმა" 3-2 წააგო.

გარდამავალი უპირატესობით წარიმართა "NS Studio"-სა და "ფარვანას" მატჩი. მესამე წუთზე მიღებული გოლი "ნინოწმინდელებმა" მალევე გაქვითეს, რასაც "არქიტექტორების" მხირდან ორი გოლი მოჰყვა და ანგარიში 3-1 გახდა. ტაიმის მიწურულს "ფარვანამ" სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მეორე ტაიმში თამაში შემოატრიალა და 4-3 იმარჯვა.

ოქროს ლიგაში "ჯორჯიან მანგანეზმა" "ენერგო-პრო" მძიმე ბრძოლაში 3-1 დაამარცხა. GM-მა ანგარიში ლევან კუჭაშვილის გოლით გახსნა. თემურ წულაიამ წონასწორობა აღადგინა. გუნდებმა სახიფათო მომენტები ბევრჯერ გაცვალეს, ბოლო წუთზე კი "ჯორჯიან მანგანეზმა" მეტოქეს ბესო ფერაძის დუბლით აჯობა.

ერთმა ბურთმა გადაწყვიტა "საქართველოს ბანკსა" და "კროკობეთს" შორის გამართული მატჩის ბედი. გამარჯვების გოლი სანდრო შეყლაშვილმა დიმიტრი ხუციანიძის გადაცემით მეთექვსმეტე წუთზე გაიტანა. 

ფრედ, 2-2, ,დასრულდა "არმია"-"ბაქსვუდის" დაპირისპირება. "ძალოვნები" გოჩა ჯიქია გოლებით წინ ორჯერ გავიდნენ, მაგრამ მეტოქემ საფინალო სირენის შემდეგ უკანასკნელი შეტევა გოლით დაასრულა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის პირველი სათამშო დღის დასკვნით მატჩში "ნიკორამ" "შსს"-ს 3-2 სძლია. მესამე წუთზე წინ "ნიკორა" გავიდა. "შსს"-მ ანგარიში გაათანაბრა და მეთექვსმეტე წუთზე დაწინაურდა. დარჩენილ დროში "ნიკორამ" თამაშზე კონტროლი აღადგინა და საბოლოოდ სამი ქულა მოიპოვა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე 8 დეკემბერს გაიმართება. თბილისის ოლიმპიურ სასახელში ერთმანეთს გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის გუნდები დაუპირისპირდებიან.



  © SBM, 2016-2024