"ბსსა"-მ "ტფილისი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ლიდერობა დააკარგვინა!

ყველა სიახლე
04 დეკემბერი 2024

ფუტსალის ლიგა 2-ის 2024/25 წწ. რეგულარულ სეზონში პირველი წრე „სეუ“-ს ლიდერობით დასრულდა.

მეშვიდე ტურში „ტფილისმა“ „ბსსა“-სთან სანახაობრივ ბრძოლაში 7-5 წააგო და ცხრილში პირველობა დაკარგა. „თბილისელები“ მთელი თამაში მდევრის როლში იყვნენ და შეხვედრაში წონასწორობა ოთხჯერ აღადგინეს. ოცდამეთორმეტე წუთზე ანგარიში 5-5 გახდა. საბოლოოდ სტუმრებმა მეხუთედაც მოახერხეს უპირატესობის დაბრუნება და ბოლო სამ წუთში ორი გადამწყვეტი გოლი გაიტანეს. „ბსსა“-ს რიგებიდან დუბლი გიორგი ლორიამ და გიორგი დიაკვნიშვილმა გაიფორმეს. „ტფილისის“ მხრიდან საუკეთესო ორი გოლით და ერთი შედეგიანი გადაცემით გეგა კოშაძე გახდა.

ტრავმების გამო კვლავ შესუსტებული შემადგენლობითაა „FLC03”, რომელმაც „ქუთაისთან“ პირველ ტაიმში კარგად იბრძოლა და გუნდები 2-2-ზე გაიყარნენ. მეორე ნახევრის დაწყებიდან ოხთ წუთში „ქუთათურებმა“ თამაშზე კონტროლი მოიპოვეს და ირაკლი გვეტაძემ მეტოქეს ორი გოლი გაუტანა. თამაშის დასრულებამდე გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და „ქუთაისმა“ „ფალკონი“ 5-3 დაამარცხა.

დაძაბული იყო „თსუ 2“-ისა და „ილიაუნის“ დაპირისპირება. მატჩის ბედი მეცხრამეტე წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. პრინციპული სტუდენტური დერბი „თსუ“-მ ილარიონ ფიფიას გოლით მოიგო.

უხვგოლიანი იყო „სეუ“-სა და „გორის“ მატჩი. „გორმა“ თამაშის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლა და შეხვედრაში ანგარიში ხუთჯერ გაათანაბრა, მაგრამ „სტუდენტებმა“ თამაშის დასრულებამდე ოცი წამით ადრე ნიკა სიდამონიძის გოლით სამი ქულა მოიპოვეს და პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულეს. „სეუ“-ს რიგებიდან ჰეთ-თრიკი სანდრო ობოლაძემ შეასრულა, დუბლი გაიფორმა ლუკა ალანიამ. „გორის“ მხრიდან სამი გოლია ომარ ცარიელაშვილის, ორი კი ლაშა ხუროშვილის აქტივში.

ფუტსალის ლიგა 2-ის მერვე ტურის სამი დაპირისპირება 7 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, 10 დეკემბერს „ბსსა“-სა და „FLC03”-ის მატჩს ბათუმის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.



  © SBM, 2016-2024