"ს.ლ. აკადემია 2"-ის დომინაცია ახალგაზრდულ ლიგაში გრძელდება!
ყველა სიახლეახალგაზრდული ლიგის 2024/25 წწ. სეზონში მეოთხე ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.
„ლოგოსმა“ „ბაქსვუდის სკოლა“ 6-1 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოიპოვა. „ლოგოსი“ წინ სამი ბურთით გავიდა, რასაც მეტოქემ მეჩვიდმეტე წუთზე უპასუხა, მაგრამ სხვაობის მეტად შემცირება ვეღარ შეძლო. ლევან ბენდელიანი გუნდს გამარჯვებაში ოთხი გოლით დაეხმარა, დუბლი შეასრულა შოთა კუპრავამ.
ლიგის შარშანდელი ფინალისტების დაპირისპირებაში „გრანდ ავლაბარმა“ „ს.ლ. აკადემია 2“-თან 5-2 წააგო. აკადემიამ პირველ ტაიმში სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. ოცდამეცხრამეტე წუთზე სხვაობა ხუთამდე გაიზარდა. თამაშის დასრულებამდე მეტოქემ მხოლოდ ორი ბურთის გაქვითვა მოასწრო. გამარჯვებული გუნდიდან ორი გოლი დემეტრე სვანიძის სახელზეა.
„ბეტისის აკადემიამ“ „სულაქველიძის აკადემიასთან“ იბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ 6-3 დამარცხდა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ბეტისმა ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, მაგრამ სირენამდე რამდენიმე წამით ადრე „სულაქველიძე“ კვლავ დაწინაურდა, რის შემდეგაც უპირატესობა აღარ დაუთმია. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბესარიონ აბრამიშვილი გახდა, რომლის ანგარიშზეც სამი გოლია.
ტური „კომაროვისა“ და „დუშეთის“ დაძაბული დაპირისპირებით დასრულდა. გარდამავალ უპირატესობაში „დუშეთმა“ „მათემატიკოსებს“ მინიმალური სხვაობით 4-3 მოუგო. „კომაროვმა“ შეხვედრაში ანგარიში ორჯერ გაათანაბრა, ოცდამეექვსე წუთზე კი წინ გავიდა. მიღებულ ბურთს გიორგი გარიშვილმა იმავე წუთზე უპასუხა და მალევე გამარჯვების გოლიც გაიტანა.
ახალგაზრდულ ლიგაში „ს.ლ. აკადემია 2“ კვლავ უდანაკარგოა და ცხრილს ლიდერობს. მეხუთე ტურის შეხვედრები 14-15 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.