ფუტსალის ლიგა 3-ში პირველი წრე დასრულდა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 3-ის რეგულარულ სეზონში პირველი წრე დასრულდა. შვიდი ტურის შემდეგ ჩემპიონატში „EU” ლიდერობს, რომელმაც „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი“ ბოლო ტურში 10-1 დაამარცხა.
შეხვედრა საწყისი წუთებიდანვე „ევროპის უნივერსიტეტის“ უპირატესობით წარიმართა. მეტოქემ პრესტიჟის გოლი ბოლო წუთზე გაიტანა. გამარჯვებული გუნდიდან სამი გოლია აჰმედ ჯამალის სახელზე, დუბლი გაიფორმეს დავით ბაბუციძემ და გიორგი თარხნიშვილმა.
„ს.ლ. აკადემიამ“ „ბათუმის სპორტულ ცენტრს“ 5-3 სძლია. მეოთხე წუთზე აკადემია ორი ბურთით იგებდა. ტაიმის ბოლომდე „აჭარლებმა“ წონასწორობა აღადგინეს და დაწინაურდნენ კიდეც - 3-2. ოცდამეექვსე წუთზე ნიკოლოზ გოგოხიამ ანგარიში გაათანაბრა. გიორგი აირაპეტიანმა აქტივში კიდევ ორი გოლი მიითვალა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
ფრედ 3-3 დასრულდა „ავლაბრისა“ და „რუსთავის“ დაპირისპირება. შეხვედრაში ანგარიში ლევან მჭედლიშვილმა მესამე წუთზე გახსნა. „ავლაბარმა“ თამაშის შემოტრიალება პირველივე ტაიმში შეძლო, ოცდამეშვიდე წუთზე კი ანგარიში 3-1 გახადა. დარჩენილ დროში ნიკოლოზ ტურიაშვილმა წონასწორობა აღადგინა, მჭედლიშვილმა კი დუბლი შეასრულა და “რუსთავმა“ შეხვედრაში ქულის აღება შეძლო.
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „UG2”-მა „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან“. „სტუდენტური დერბი“ 11-2 დასრულდა. შეხვედრა „UG“-ის სრული დომინაციით მიმდინარეობდა და სამი ქულა მარტივად მიითვალა. მატჩში დუბლი მირიან შარაშენიძემ, ლექსო კვინიკაძემ და ნიკა კუპრავიშვილმა გაიფორმეს.
ფუტსალის ლიგა 3-ის მეორე წრე 6 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.