ლიგა 3-ის VI ტურში ფავორიტებმა წააგეს - პირველ ადგილზე "EU" გადავიდა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 3-ის 2024/25 წწ. სეზონში მეექვსე ტურმა სატურნირო ცხრილში მდგომარეობა შეცვალა. „ს.ლ. აკადემიამ“ და „UG2”-მა ფავორიტის რანგში წააგეს და ჩემპიონატში “EU” გალიდერდა.
„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ მატჩში „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი“ უშანსოდ დატოვა და 13-0 მოუგო. პირველი ტაიმში გატანილი შვიდი უპასუხო გოლით „აწსუ“-მ სრული დომინაცია მოიპოვა. „ქუთათურების“ რიგებიდან ჰეთ-თრიკი შეასრულა გიორგი ციბაძემ, დუბლი და ორი შედეგიანი გადაცემაა ცოტნე ციბაძის სახელზე.
დაძაბული იყო „ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ბათუმის სპორტული ცენტრის“ დაპირისპირება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში. მეჩვიდმეტე წუთამდე შეხვედრაში ანგარიში არ გახსნილა. ტაიმის დასრულებამდე გიორგი თარხნიშვილისა და გოგი ლობჯანიძის გოლებით “EU” წინ ორი ბურთით გავიდა და თითქოს მეორე ტაიმი მშვიდად უნდა ეთამაშა, მაგრამ ასე არ მოხდა. ოცდამეხუთე წუთზე „BSC” წითელი ბარათის გამო კაცნაკლული დარჩა. მიუხედავად უპირატესობისა „სტუდენტებმა“ ავტოგოლი საკუთარ კარში გაუშვეს და სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს. ოცდამეთვრამეტე წუთზე კი საბოლოო ანგარიში 3-1 ვახტანგ კუსიანმა დააფიქსირა.
„ს.ლ. აკადემიამ“, რომელსაც ერთადერთი მარცხი ჰქონდა ცხრილის ლიდერთან, „ავლაბართან“ 4-2 წააგო. „ს.ლ. აკადემია“ მეოთხე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ ბექა სამყურაშვილმა ათწამიან ინტერვალში მოახერხა ორი გოლის გატანა და ანგარიში 2-1 გახადა, მეორე ტაიმში კი მესამე გოლიც გაიტანა. გიორგი ბოლქვაძემ სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. ოცდამეთერთმეტე წუთზე „აკადემიამ“ ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ თამაშის შემოტრიალება ვერ შეძლო.
მოულოდნელი ანგარიშით, 9-1, დამარცხდა “UG2” “რუსთავთან“ და შედეგად, ცხრილში პირველობა დაკარგა. „რუსთაველები“ თამაშს პირველივე წუთებიდან აკონტროლებდნენ და მნიშვნელოვანი უპირატესობა საწყის ტაიმშივე მოიპოვეს (4-0). მეორე ნახევარში მატჩის სცენარი არ შეცვლილა. დაძაბულობა მხოლოდ ოცდამეთოთხმეტე წუთზე იგრძნობოდა, როცა ორივე გუნდიდან თითო მოთამაშე წითელი ბარათით გააძევეს პარკეტიდან.
ფუტსალის ლიგა 3-ის რეგულარული სეზონის პირველი წრის დასკვნითი ტური 28 და 30 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.