ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მე-17 სეზონი სტარტს 1 დეკემბერს აიღებს!

ყველა სიახლე
23 ნოემბერი 2024

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მე-17 სეზონი სტარტს 1 დეკემბერს აიღებს!

22 ნოემბერს სასტუმრო „რუმსში“ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ახალი, 2024/25 წწ. სეზონის პრეზენტაცია გაიმართა. რიგით მეჩვიდმეტე სეზონი ბევრი სიახლით და დებიუტანტებით სტარტს 1 დეკემბერს აიღებს.

წლევანდელი გათამაშება მოიცავს გრანდ ლიგას, საკვალიფიკაციო ლიგას, სუპერლიგას, ოქროს ლიგას, ვერცხლის ლიგას და ბრინჯაოს ლიგას. სეზონის დასკვნით ფაზაში გაიმართება მეგობრობის თასის, “SBM” ლიგის თასის და აბსოლიტური ჩემპიონის თასის გათამაშებები.

გრანდ ლიგასა და საკვალიფიკაციო ლიგაში რვა-რვა გუნდი იასპარეზებს და პლეი-ოფში ყველა მათგანი კვალიფიცირდება. მეოთხედფინალური და შემდეგი ეტაპის შეხვედრები ერთმატჩიანი იქნება. სიხალეა, რომ წელს მეგობრობის თასის გათამაშებაში მონაწილეობას თექვსმეტივე გუნდი მიიღებს.

გრანდ ლიგაში სამგზის ჩემპიონი „არმია“, ორგზის ფინალისტი „ბაქსვუდი“, გასული წლის ვიცე-ჩემპიონი „მაკგილი“, „ავერსი“, „ინვესტორსაინი“, დებიუტანტი „სპეციალური საგამოძიებო სამსახური“ და გრანდ ლიგაში დებიუტანტები „ბანკი ქართუ“ და „DHL”იასპარეზებენ.

საკვალიფიკაციო ლიგას შემოუერთდნენ „თელასი“, „პერი“, AMTS” და „ფერეიდანი“. მათთან ერთად ლიგაში კვლავ იქნებიან „E-Team”, „Space International“, „ლაიონ ტრანსი“ და „GRC”.

რაც შეეხება ძირითად ბადეს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რეიტინგის საუკეთესო თექვსმეტი გუნდი დაგროვებული ქულების მიხედვით A და B ჯგუფად დაიყო, ბრა წილისყრის დროს კი გუნდებმა თავად აირჩიეს ლიგა, რომელშიც იასპარეზებენ. სუპერლიგის, ოქროს ლიგის, ვერცხლის ლიგის და ბრინჯაოს ლიგის გუნდები რეგულარულ სეზონში ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან. პლეი-ოფი ამ შემთხვევაშიც ერთმატჩიანი იქნება, წელს გაიმართება მატჩი მესამე ადგილისთვისაც.

ძირითადი ბადის გუნდები, რომლებიც ვერ მოხვდებიან ფინალში, ითამაშებენ ლიგის თასზე, ხოლო ფინალისტები მთავარი ტიტულისთვის, აბსოლიტური ჩემპიონობისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

წილისყრის შედეგად, სუპერლიგის ჩემპიონობისთვის წელს „ბაქსვუდი“, „არმია“, „ნიკორა“ და „შსს“ იბრძოლებენ. ოქროს ლიგაში „საქართველოს ბანკი“, „ჯორჯიან მანგანეზი“, „ენერგო-პრო“ და „კროკობეთი“ იასპარეზებენ. ვერცხლის ლიგაში „რუსთავის აზოტი“, „ნს სტუდიო“, „ფარვანა“ და „ავერსი“ ითამაშებენ. ბრინჯაოს ლიგაში კი „ლიბერთი ბანკი“, „TTC”, „ბაზისბანკი“ და „კრედო ბანკი“ არიან.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის პარტნიორებმა ახალი სეზონის პრეზენტაციაზე პრიზები გაათამაშეს და თითოეული გუნდის წარმომადგენელმა განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო.

პარტნიორები: „Go Sport”, “SBM Store” - “Joma”, “UHL Sport”, “Kappa”, “Munich”, “Select”; „Terra Qisi”, "კამპა", “NS Studio”, “ავერსი“, „ჯორჯიან მანგანეზი“, „Manuel”.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა სტარტს 1 დეკემბერს აიღებს. შეხვედრებს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

 



  © SBM, 2016-2024