ლიდერების დაპირისპირებაში "ტფილისმა" "სეუ" დაამარცხა და ცხრილში გადაასწრო!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის 2024/25 წწ. სეზონის მეექვსე ტური სანახაობრივი შეხვედრებით გამოირჩა. მატჩებს 15, 16 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ და 19 ნოემბერს კი ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.
ორი წლის შემდეგ პირველად, „ილიაუნიმ“ ნავსი გატეხა და „გორი“ დაამარცხა. მატჩი თავიდან მძიმედ დაიწყო, მაგრამ „სტუდენტებმა“ ამჯერად მოახერხეს უპირატესობის მოპოვება და მეთოთხმეტე წუთიდან თამაშს თავად აკონტროლებდნენ. საბოლოოდ შეხვედრა 6-2 დასრულდა. გამარჯვებული გუნდიდან პოკერი გიორგი ბიბილეიშვილმა შეასრულა. ორი გოლია გიორგი წიქვაძის სახელზე.
მორიგი მარცხი იწვნია „FLC03”-მა. „თსუ 2“-მა მეტოქეს 3-0 სძლია. მიუხედავად იმისა, რომ „ფალკონი“ შესუსტებული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, ოცდამეშვიდე წუთამდე მეტოქეს კარგ წინააღმდეგობას უწევდა. მატჩის მეორე ნახევარში გატანილმა ავტოგოლმა „სტუდენტებს“ მნიშვნელოვანი უპირატესობა მისცა, რასაც კიდევ ორი გოლი მოჰყვა და საბოლოოდ „თსუ“-მ იმარჯვა.
„სეუ“-ს უპირატესობით დაიწყო ტურის ცენტრალური მატჩი „ტფილისის“ წინააღმდეგ. „ტფილისმა“ მეოთხე წუთზე მიღებული გოლი მეათე წუთზე გაქვითა, ანგარიში შემოატრიალა და პირველივე ტაიმში წინ ორი ბურთით გაიჭრა. მეორე ნახევარიც „დედაქალაქელების“ გოლით დაიწყო, რასაც „სეუ“-ს პასუხი მალევე მოჰყვა (4-2). მეკარე ზაურ კოტრიკაძემ შეტევაზე უპირატესობით გადმოსულ მეტოქესთან დუბლი გაიფორმა. საბოლოოდ, ლიდერების სანახაობრივ ბრძოლაში „ტფილისმა“ 6-3 მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველობა დაიბრუნა.
დრამატული გამოდგა ტურის დასკვნითი მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში. „ქუთაისმა“ „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას“ უმასპინძლა. „ქუთათურებმა“ პირველ ტაიმში სრული დომინაციით 4-1 იმარჯვეს. მეორე ტაიმში „ბსსა“-მ მასპინძლებს ზედიზედ სამი გოლი გაუტანა და ანგარიში 4-4 გახადა. ოცდამეთორმეტე წუთზე ბაკურ გულუამ აქტივში დუბლი ჩაიწერა და „იმერლები“ კვლავ დააწინაურა. საფინალო სირენამდე სამი წამით ადრე ზურაბ შამილაძემ შეტევა გოლით დაასრულა და „ბსსა“-მ „ქუთაისს“ საკუთარ კედლებში ქულები წაართვა - 5-5.
ფუტსალის ლიგა 2-ის მეშვიდე ტური 28 და 30 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.