ახალგაზრდულ ლიგაში "ს.ლ. აკადემია 2" კვლავ უდანაკარგოა!

ყველა სიახლე
19 ნოემბერი 2024

ახალგაზრდულ ლიგაში

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის მესამე ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.

გახსნით მატჩში „ბეტისის აკადემიამ“ „კომაროვი“ 4-1 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოიპოვა. მეხუთე წუთზე ნიკოლოზ ფარსადანიშვილის გოლს გიორგი ნოზაძის ჰეთ-თრიკი მოჰყვა. მეტოქემ ერთი გოლი ბოლო წუთზე გაქვითა და საბოლოოდ სამბურთიანი ჩამორჩენით დამარცხდა.

დაძაბული გამოდგა „დუშეთისა“ და „ბაქსვუდის სკოლის“ დაპირისპირება. მეხუთე წუთზე „ბაქსვუდის“ მოთამაშემ საჯარიმოში დარღვევის გამო წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ მეტოქემ პენალტი ვერ გამოიყენა. მეათე წუთზე წინ „ბაქსვუდი“ გავიდა. მალე სხვაობა ორამდე გაიზარდა. ტაიმის დასრულებამდე „დუშეთმა“ ჩამორჩენა შეამცირა, ოცდამეერთე წუთზე კი ანგარიში 2-2 გახდა. მომდევნო წუთები „ბაქსვუდის“ უპირატესობით წარიმართა - გიორგი ფირცხალაიშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ალიკ სარქისიანმა კი აქტივში მეორე გოლიც მიითვალა, საბოლოოდ კი გუნდმა 5-3 იმარჯვა.

დიდი ანგარიშით, 9-1, სძლია „ს.ლ. აკადემია 2“-მა „ლოგოსს“. მთელი თამაში „აკადემიის“ დომინაციით მიმდინარეობდა. შვიდი უპასუხო გოლის შემდეგ „ლოგოსმა“ პრესტიჟის გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, რასაც მათ კარში კიდევ ორი ბურთი მოჰყვა. გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო დუბლით და ორი შედეგიანი გადაცემით ბილალ იდოუ იყო, ჰეთ-თრიკი გაიფორმა ნიკოლოზ თანდაშვილმა.

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის მეოთხე ტური 28, 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024