"კომაროვმა" და "ბაქსვუდმა" ახალგაზრდულ ლიგაში პირველი ქულები მოიპოვეს!

ყველა სიახლე
12 ნოემბერი 2024

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის 2024/25 წწ.  სეზონის მეორე ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. „გრანდ ავლაბარმა“ და „სასკოლო ლიგის აკადემია 2“-მა თავიანთი მეტოქეები დაამარცხეს და ორიდან ორი მოგებით სატურნირო ცხრილის სათავეში არიან.

ტური „გრანდ ავლაბარისა“ და „ლოგოსის“ დაპირისპირებით დაიწყო. „ავლაბარმა“ საწყისი წუთიდანვე მოიპოვა უპირატესობა, ოცდამეთხუთემეტე წუთამდე კი მეტოქეს 12 უპასუხო გოლი გაუტანა. თამაშის დასრულებამდე „ლოგოსმა“ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო და საბოლოოდ 12-1 დაფიქსირდა. გამარჯვებული გუნდიდან ჰეთ-თრიკი ლუკა გურჩიანმა შეასრულა, ორ-ორი ბურთია გიორგი ბაბაიანის, გიორგი თოდრიასა და დავით ზანგალაძის სახელზე.

დაძაბული გამოდგა „ბაქსვუდის სკოლისა“ და „ბეტისის აკადემიის“ მატჩი. მეოთხე წუთზე ანგარიში დავით ჯობავამ გახსნა. მალევე წონასწორობა ბაჩუკი ვანაძემ აღადგინა. გამარჯვების გოლი ოცდამეთორმეტე წუთზე ნიკოლოზ დიხამინჯიამ გაიატანა და „ბაქსვუდის სკოლამ“ 2-1 იმარჯვა.

8-2 სძლია „სასკოლო ლიგის აკადემია 2“-მა „დუშეთს“. „დუშეთი“ შეხვედრის პირველ ნახევარში კარგად გამოიყურებოდა და ტაიმის მიწურულს მიღებულ ბურთს მალევე უპასუხა, ოცდამეოთხე წუთზე კი წინ გასვლაც შეძლო (1-2). „აკადემიამ“ ოცდამერვე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და დარჩენილ დროში კომფორტული უპირატესობაც მოიპოვა. გუნდს გამარჯვებაში სამი გოლით ლუკა ღვინიანიძე დაეხმარა, დუბლი გაიფორმა ლუკა მიქაბერიძემ.

ტურის დასკვნით მატჩში „კომაროვმა“ „სულქველიძის აკადემია“ სანახაობრივ შეხვედრაში 4-2 დაამარცხა. „მათემატიკოსები“ მეთოთხმეტე წუთზე დაწინაურდნენ. ნიკა ოსეფაშვილმა ტაიმის ბოლო წუთზე ბალანსი აღადგინა, მაგრამ ზურაბ ჭედიამ გოლის გატანა მოასწრო და „კომაროვს“ უპირატესობა დაუბრუნა. მეორე ნახევარშიც „სულაქველიძის აკადემიამ“ მიღებული ორი ბურთიდან მხოლოდ ერთის გაქვითვა შეძლო და საბოლოოდ ქულები დაკარგა.

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის მესამე ტურის შეხვედრები 16 და 17 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024