"FLC03"-ის დებიუტი ლიგა 2-ში "ილიაუნი"-სთან გამარჯვებით შედგა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში და ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2024/25 წწ. სეზონის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ტური თბილისში „თსუ 2“-ისა და „ტფილისის“ სანახაობრივი დაპირისპირებით დაიწყო. მატჩის პირველი ნახევარი მეკარეების გამორჩეული თამაშით გოლის გარეშე დასრულდა. ოცდამეთერთმეტე წუთზე საბა ეგრისელაშვილის დარტყმული ლევან ცერცვაძემ მოიგერია, მაგრამ ლაშა ხარაიშვილმა დამატებაზე ითამაშა და „ტფილისი“ დაწინაურდა. შეხვედრის მიწურულს უპირატესობით შეტევაზე გადმოსული მეტოქის კარში სადებიუტო გოლი ომარ ასაშვილმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა.
„გორმა“ პირველი ტურისგან განსხვავებული თამაში აჩვენა „ბსსა“-სთან. საწყის წუთზე გუნდი გიგა გიკაშვილის გოლით წინ გავიდა. „გორმა“ ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო. მეორე ნახევარში მალხაზ შამილაძემ ერთწუთიან ინტერვალში დუბლი შეასრულა და ანგარიში „ბათუმელების“ სასარგებლოდ 2-1 გახადა. მეტოქემ ოცდამეათე წუთზე წონასწორობა აღადგინა, თუმცა „ბსსა“-მ უპირატესობა მალევე დაიბრუნა და 5-3 იმარჯვა.
დაძაბული გამოდგა „FLC03”-სა და „ილიაუნის“ დაპირისპირება. „ფალკონი“ მეხუთე წუთზე მეტოქეს ორი ბურთით ამარცხებდა. ტაიმის დასრულებამდე „სტუდენტებმა“ ჩამორჩენა შეამცირეს (2-1). ოცდამეოთხე წუთზე მიღებულ კიდევ ერთ გოლს „ილიაუნიმ“ მალევე უპასუხა, მაგრამ დარჩენილ დროში „FLC03“-მა თამაშზე კონტროლი მოიპოვა და მეტოქეს 5-2 სძლია. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი გიორგი ხუგაშვილმა გაიფორმა.
ერთი შეხვედრა გაიმართა ქუთაისის სპორტის სასახლეში. პირველი მატჩი საკუთარ კედლებში „ქუთაისმა“ „სეუ“-ს წინააღმდეგ გამართა. ანგარიში მეჩვიდმეტე წუთზე გაიხსნა. „ქუთათურები“ წინ ირაკლი გვეტაძის გოლით გავიდნენ. სანდრო ობოლაძემ წონასწორობა მალევე აღადგინა. „სტუდენტებს“ ტაიმის მიწურულს ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმით შანსი ჰქონდათ წინ გასულიყვნენ, მაგრამ ჯუმბერ გულეიშვილმა „ქუთაისი“ გადაარჩინა. „სეუ“-მ ოცდამეცამეტე წუთზე მაინც შეძლო მეტოქის კარის აღება, გამარჯვების გოლი ზაურ კარიაულმა გაიტანა და მატჩი 2-1 დასრულდა.
ფუტსალის ლიგა 2-ის მესამე ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 27 ოქტომბერს გაიმართება.