ფუტსალის ლიგა 3-ში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის 2024/25 წწ. სეზონის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.
სეზონის გახსნით მატჩში „UG2”-მა დებიუტანტი „ავლაბარი“ 6-1 დაამარცხა. „სტუდენტებმა“ პირველი ტაიმი გიორგი გურულის დუბლით მოიგეს. შეხვედრის მეორე ნახევარში კი გუნდს გამარჯვებაში ორ-ორი ბურთით მირიან შარაშენიძე და დავით ჯერანოვი დაეხმარნენ.
„რუსთავისა“ და „ბათუმის სპორტული ცენტრის“ დაძაბული დაპირისპირება ფრედ 4-4 დასრულდა. „რუსთავი“ საწყის სამ წუთში ორი ბურთით გავიდა წინ. თემურ ლორიამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. შვიდწამიან ინტერვალში „რუსთავმა“ კიდევ ორი გოლი გაიტანა (4-1). ტაიმის დასრულებამდე რომან იუსუბოვმა ერთი ბურთი გაქვითა, მეორე ნახევარში კი ანგარიშის გათანაბრებაც შეძლო.
ქულები გაიყვეს „ევროპის უნივერსიტეტმა“ და „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც“. სტუდენტურ დერბიში 2-2 დაფიქსირდა. „აწსუ“ წინ გიორგი იდაძემ და ვარლამ მარდალეიშვილმა გაიყვანეს. ოცდამეოთხე წუთზე „იმერლების“ მეკარემ პენალტი მოიგერია და მეტოქეს ანგარიშის შემცირების საშუალება არ მისცა, მაგრამ დარჩენილ დროში „EU“-მ წონასწორობა მაინც აღადგინა. აჰმედ ჯამალმა და გიორგი თარხნიშვილმა გუნდს ქულა შეუნარჩუნეს.
ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს დებიუტანტები დაუპირისპირდნენ. „სასკოლო ლიგის აკადემიამ“ „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი“ სოლიდური ანგარიშით 15-3 დაამარცხა. მეორე წუთზე მიღებულ ბურთს სტუმრებმა მალევე უპასუხეს. „ს.ლ. აკადემია“ მეხუთე წუთზე წინ გავიდა და ტაიმი ხუთბურთიანი უპირატესობით მოიგო. მეორე ნახევარში თამაშის სცენარი უცვლელი დარჩა. გამარჯვებული გუნდიდან ოთხი გოლია ლევან გუგუციძის ანგარიშზე, ჰეთ-თრიკი გაიფორმეს ნიკოლოზ გოგოხიამ და ილია გოგოხია-ხატისკაცმა, ხუთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა გიორგი აირაპეტიანმა.
ფუტსალის ლიგა 3-ის მეორე ტური სტარტს ქუთაისის სპორტის სასახლეში 22 ოქტომბერს აიღებს და 25 ოქტომბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელდება.