ფუტსალის ლიგა 2, ლიგა 3 და ახალგაზრდული ლიგა იწყება!

ყველა სიახლე
04 ოქტომბერი 2024

ფუტსალის ლიგა 2, ლიგა 3 და ახალგაზრდული ლიგა იწყება!

საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის და ახალგაზრდული ლიგის 2024-25 წწ. სეზონი იწყება.

სასტუმრო იოტა თბილისში ახალი სეზონის კენჭისყრა გაიმართა. თითოეულ ტურნირში რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეშვიდე სეზონი სტარტს 12 ოქტომბერს აიღებს. ტიტულისთვის „თსუ 2“, „ილიაუნი“, „ქუთაისი“, „გორი“ და „სეუ“ კვლავ იბრძოლებენ. მათთან ერთად ლიგა 3-დან გადმოსული მოქმედი გამარჯვებული „ტფილისი“, „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“ და „ფალკონი“ იასპარეზებენ.

„დინამო თბილისი“, რომელიც ლიგა 2-ის გასული სეზონის ჩემპიონია, უმაღლეს ლიგაში კვალიფიცირდა.

 

ფუტსალის ლიგა 2-ის პირველი ტური:

"ფალკონი" VS "ბსსა"

"ილიაუნი" VS "ქუთაისი"

"სეუ" VS "თსუ 2"

"ტფილისი" VS "გორი"

რაც შეეხება რანგით მესამე ჩემპიონატს, მის მოსაგებად ერთმანეთს „ევროპის უნივერსიტეტი“, „საქართველოს უნივერსიტეტი 2“, „სასკოლო ლიგის აკადემია“, „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი“, „ავლაბარი“, „ბათუმის სპორტული ცენტრი“, „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და „რუსთავი“ დაუპირისპირდებიან.

ფუტსალის ლიგა 3-ის რიგით მესამე გათამაშება 20 ოქტომბერს დაიწყება, პირველი ტურის წყვილები კი ასე გამოიყურება:

"EU" VS "აწსუ"

"ს.ლ. აკადემია" VS "ბნსუ"

"რუსთავი" VS "BSC"

"UG 2" VS "ს.კ. ავლაბარი"

წარმატებული სადებიუტო სეზონის შემდეგ, რომელიც „სასკოლო ლიგის აკადემიის“ ტრიუმფით დასრულდა, ახალგაზრდული ლიგა 17 წლამდე მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდებს კვლავ გააერთიანებს. მთავარი ტიტულისთვის ახალგაზრდულ ლიგაში „სასკოლო ლიგის აკადემია 2“, „გრანდ ავლაბარი“, “ლოგოსი”, “კომაროვი”, “ბაქსვუდი”, “ბეტისის აკადემია” და ლიგის დებიუტანტები, “სულაქველიძის აკადემია” და “დუშეთი” იბრძოლებენ.

ახალგარდული ლიგის პირველი ტური 3 ნოემბერს გაიმართება:

"კომაროვი" VS "გრანდ ავლაბარი"

"სულაქველიძის აკადემია" VS "ბაქსვუდი"

"ბეტისის აკადემია" VS "ს.ლ. აკადემია 2"

"დუშეთი" VS "ლოგოსი"

ფუტსალის ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის და ახალგაზრდული ლიგის გუნდები წრიული ეტაპის შემდეგ ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან. გამარჯვებულები ნახევარფინალში იასპარეზებენ. პლეი-ოფის მატჩები 2 მოგებამდე გაგრძელდება. ფინალში გუნდები ერთმანეთს სამ, მესამე ადგილისთვის კი ორ მოგებამდე დაუპირისპირდებიან. 

შეხვედრები ოთხ რეგიონში, თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. გულშემატკივრებისთვის თამაშებზე დასწრება თავისუფალია.



  © SBM, 2016-2024