ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მე-16 სეზონი მეგობრობის თასზე "შიშეჯამის" ტრიუმფით დასრულდა!

ყველა სიახლე
16 ივნისი 2024

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მე-16 სეზონი მეგობრობის თასზე

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონი მეგობრობის თასის გათამაშებით დასრულდა. „შიშეჯამმა“ ფინალში გრანდ ლიგის „ავერსი“ 3-1 დაამარცხა და თავის პირველ ტიტულს დაეუფლა.

მერვე წუთზე გიორგი ლიპარტელიანმა „შიშეჯამი“ წინ გაიყვანა და გუნდმა ტაიმი 1-0 მოიგო. მეორე ნახევარში ლიპარტელიანმა სხვაობა ორ ბურთამდე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გოლით გაზარდა. ბესო სოკურაშვილმა მიღებულ ბურთებს 46-ე წუთზე უპასუხა. საბოლოო ანგარიში თორნიკე ბახტაძემ დააფიქსირა.

ფინალის შემდგომ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. „შიშეჯამის“ ხარისხის მენეჯერმა, გიგა დანელიამ, ნომინაციებში გამარჯვებული ფეხბურთელები დააჯილდოვა.

მეგობრობის თასის ბომბარდირი 5 გოლით თორნიკე ბახტაძე გახდა. ფინალის საუკეთესო მოთამაშედ კი გიორგი ლიპარტელიანი დასახელდა.

Sbm.ge გთავაზობთ ფინალის შემდგომ კომენტარებს:

თორნიკე ბახტაძე, შიშეჯამი: „ძალიან მოხარული ვარ ამ ყველაფრით. კარგი ფინალი იყო. თვითონ გათამაშებაც საკმაოდ დაძაბული იყო. მოვახერხეთ და თასზე სადებიუტო ასპარეზობისას გავიმარჯვეთ. მადლობა ჩვენს მწვრთნელს და ბიჭებს შრომისთვის. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ შედეგით დასრულებულიყო სეზონი. ჩემი ბომბარდირობაც ბიჭების დამსახურებაა.

გიორგი ლიპარტელიანი, შიშეჯამი: „ძალიან მიხარია მოგება. ძალიან დიდი შრომა გვაქვს ჩადებული ამ ყველაფერში. წინა სეზონში არ გაგვიმართლა, მაგრამ წელს მაქსიმალურად ვეცადეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას გულშემატკივრიდან დაწყებული, ფეხბურთელით დასრულებული და ასევე მადლობა ჩვენს მწვრთნელს. ემოციებში ვიყავი ძალიან და იმ დარტყმაზე წამიერად მივიღე გადაწყვეტილება. სეზონი ძალიან კარგი გამოვიდა. მსიამოვნებს აქ თამაში, რადგან კარგი გარემოა. ძალიან ძლიერი გუნდები ასპარეზობენ აქ და წარმატებებს ვუსურვებ მათ“.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონი მეგობრობის თასის გათამაშებით დასრულებულია. ჩემპიონატი რიგით მეჩვიდმეტე სეზონით შემოდგომაზე განახლდება.



  © SBM, 2016-2024