გრანდ ლიგის 2023/24 წწ. სეზონის საუკეთესო მოთამაშეები!

ყველა სიახლე
02 ივნისი 2024

გრანდ ლიგის 2023/24 წწ. სეზონის საუკეთესო მოთამაშეები!

გრანდ ლიგის ჩემპიონი უცვლელია. „არმიამ“ ტიტული ამჯერად „McGill“-თან დაიცვა და თასი ზედიზედ მესამედ ასწია.

ფინალურ შეხვედრაში „ძალოვნებმა“ მეტოქე შმაგი ჭოხონელიძისა და ნადიმ კახაძის გოლებით 2-0 დაამარცხეს. ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ.

გრანდ ლიგის 2023/24 წწ. სეზონის საუკეთესო მეკარედ მამუკა მჭედლიშვილი (McGill) დასახელდა. საუკეთესო მცველის ტიტული ნიკოლოზ უგრეხელიძემ (არმია) მიიღო. საუკეთესო უნივერსალი გიორგი მშვიდობაძე (McGill) გახდა. საუკეთესო თავდამსხმელის ჯილდო ნადიმ კახაძემ (არმია) მიიღო. საუკეთესო ბომბარდირობა კახაბერ გოგოხიამ 12 გატანილი გოლით მოიპოვა. საუკეთესო ასისტენტი 7 შედეგიანი გადაცემით და გრანდ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი შმაგი ჭოხონელიძე (არმია) გახდა.

sbm.ge გთავაზობთ დაჯილდოების შემდგომ კომენტარებს:

გიორგი მშვიდობაძე, McGill: „სეზონი ძალიან საინტერესო იყო, დაძაბული. არ ველოდით თუ ფინალში გავიდოდით, მაგრამ მოვახერხეთ. ფინალში ძალიან ძლიერ გუნდს შევხვდით და დამსახურებულად გვაჯობეს. ვულოცავ „არმიას“ გამარჯვებას, გაამართლეს ფავორიტის სტატუსი და გვაჯობეს. ჩემ გუნდელებს მადლობა. მერჩივნა გუნდს გაგვემარჯვა და ინდივიდუალური ჯილდო არ მიმეღო, მაგრამ დავმარცხდით. მადლობა ნომინაციაში დასახელებისთვის“.

მამუკა მჭედლიშვილი, McGill: „ნამდვილად ძალიან დაძაბული თამაში იყო. უბრალოდ „არმია“ მეტად გამოცდილი გუნდია, ფინალი ბევრჯერ უთამაშია და მოგვიგეს. ვულოცავ მათ ამ წარმატებას და ჩვენ შემდეგში ვეცდებით მოვიგოთ. გრანდ ლიგას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. თხუთმეტი წელია ბიზნეს ლიგას ვთამაშობ და ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. სპორტული და ახალგაზრდული თამაშებია, რაც ძალიან კარგია. ვეცადე დიდ ფეხბურთში მიღებული გამოცდილება მაქსიმალურად გამომეყენებინა აქ. მადლობა გუნდს რომ ასე დამიჭირეს მხარი“.

ნადიმ კახაძე, არმია: „დაძაბული სეზონი იყო. ნამდვილად კარგი გუნდები გვყავდა მოწინააღმდეგედ. ყველას მადლობა, რადგან თითოეული მათგანი განსხვავებულად თამაშობდა. არავისთან არ ყოფილა ისეთი თამაში, რომ ასპროცენტიანი გამარჯვებულები ვიქნებოდით. მესამე ტიტულია, პირველი არ არის, მაგრამ მაინც ენით აღუწერელი სიხარულია და ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვებულის რანგში ვარ“.

ნიკოლოზ უგრეხელიძე, არმია: „დიდი მადლობა SBM-ს ასეთი კარგი და ლამაზი ტურნირისთვის. ძალიან კარგი გუნდი იყო McGill, მაგრამ ჩვენ უკეთესები აღმოვჩნდით და თასიც ჩვენ ავიღეთ. ვულოცავ ჩვენ ბიჭებს. არ ველოდი საუკეთესო მცველის ტიტულს. შარშანდელზე უკეთესი სეზონი იყო, ბევრად ვიხარჯებოდით, მეტადაც ვვარჯიშობდით და ამისთვის ვემზადებოდით მთელი წლის მანძილზე“.

გრანდ ლიგის 2023/24 წწ. სეზონი „არმიას“ ზედიზედ მესამედ გაჩემპიონებით დასრულდა.

 



  © SBM, 2016-2024