სუპერლიგაში სეზონის საუკეთესო მოთამაშეები დასახელდნენ!

ყველა სიახლე
31 მაისი 2024

სუპერლიგაში სეზონის საუკეთესო მოთამაშეები დასახელდნენ!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის სუპერლიგის გამარჯვებული „ენერგო-პრო ჯორჯია“ გახდა. „ენერგეტიკოსებმა“ ფინალურ შეხვედრაში „ჯორჯიან მანგანეზი“ დაძაბულ ბრძოლაში 3-2 დაამარცხეს და სუპერლიგაში პირველი ჩემპიონობა იზეიმეს.

საწყისი ტაიმი ფრედ 1-1 დასრულდა. მეორე ნახევრის სტარტზე GM წინ გავიდა, მაგრამ „ენერგო-პრომ“ წონასწორობის აღდგენა შეძლო. ოცდაემათე წუთზე თეიმურაზ ჯაფარიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა და ვერცხლის ლიგის შემდეგ „ენერგო-პრომ“ ოქროს მედლები სუპერლიგაში მოიპოვა.

ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საუკეთესო მოთამაშეებს პრიზები სპორტული სააგენტო SBM-ის CEO-მ ზაალ ჩიტალაძემ, ვარციხე ჰესისის გენერალურმა დირექტორმა ზაზა უფლისაშვილმა, ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხნის დირექტორმა გოჩა ქურდაძემ და ენერგო-პრო ჯორჯიას დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ მამისეიშვილმა გადასცეს.

სუპერლიგის 2023/24 წწ. სეზონის საუკეთესო მეკარე ერეკლე ბადურაშვილი (GM) გახდა. საუკეთესო მცველად გიორგი ლობჟანიძე (ენერგო-პრო) დასახელდა. საუკეთესო უნივერსალის ჯილდო ლევან კუჭაშვილს (GM) გადაეცა. საუკეთესო ასისტენტის ტიტული 8 შედეგიანი გადაცემით ილია თოლორდავამ (ენერგო-პრო) მოიპოვა. საუკეთესო თავდამსხმელის ნომინაციაში ბესო ფერაძემ (GM) გაიმარჯვა. საუკეთესო ბომბარდირი 13 გოლით გიორგი ღონღაძე (ნიკორა) გახდა. საუკეთესო ფეხბურთელად კი ლუკა გოგუაძე (ენერგო-პრო) დასახელდა.

Sbm.ge გთავაზობთ დაჯილდოების შემდგომ კომენტარებს:

ბესო ფერაძე, GM: „წლევანდელ ჩვენ გამოსვლას ტურნირზე დადებითად შევაფასებ. ახალი გუნდი ვიყავით მაინც და ცოტა არ იყოს გამოცდილება დაგვაკლდა. რაც შეეხება ფინალს, დაძაბული თამაში გამოვიდა, ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. „ენერგო-პრო“ საკმაოდ ტექნიკური გუნდია. გავცვალეთ მომენტები, მაგრამ მათ უფრო გაუმართლათ და მოიგეს. ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ. ვისარგებლებ შემთხვევით და მოსულ გულშემატკივარს მადლობას გადავუხდი, ასევე სამწვრთნელო შტაბს და ბატონ ზაზა უფლისაშვილს. როგორც ყველა ფეხბურთელისთვის, სასიხარულოა საუკეთესო ნომინაციაში წარდგენა“.

ლევან კუჭაშვილი, GM: „საინტერესო თამაში იყო, ისეთი, როგორიც ფინალს შეეფერება. გვქონდა უპირატესობა, პირველი გოლი გავიტანეთ, შემდეგ მოვეშვით. ისევ გავიტანეთ, მაგრამ ბოლოს კონცენტრაცია ვეღარ მოვახერხეთ და სამწუხაროდ, დრამატული ფინალი იყო ჩვენთვის. გულშემატკივრები აქტიურობდნენ, ძალიან მაგარი ატმოსფერო იყო, რაც დასაფასებელია. ინდივიდუალური ჯილდო, ჩემი აზრით, გუნდის დამსახურებაა. როცა ყველა ხელს გიწყობს, შენც უკეთესად თამაშობ. „ჯორჯიან მანგანეზი“ და ჩვენი გუნდის მენეჯერი ყველანაირად გვერდში გვიდგას. მომავალ წელს ვეცდებით გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც გვქონდა და მხოლოდ ჩემპიონობაზე ვიფიქრებთ“.

გიორგი ლობჟანიძე, ენერგო-პრო: „უბედნიერესი ადამიანი ვარ. ერთწლიანი შრომა დაგვიფასდა და საუკეთესო ლიგაში გავხდით ჩემპიონები. ვულოცავ მთლიანად „ენერგო-პროს“, გულშემატკივრებს და ჩვენს ოჯახებს. მართლა ძალიან სასიამოვნო სათამაშო ფინალი იყო, ღირდა ყველაფრად. მადლობა ყველას“.

ილია თოლორდავა, ენერგო-პრო: „რეგულარული სეზონიც კარგად დავიწყეთ, პირველი ადგილით დავასრულეთ ეს ეტაპი. რეგულარულში დიდი გამოცდილება მივიღეთ. ვაგებდით რაღაც თამაშებს და გვიწევდა ანგარიშის შემოტრიალება, რამაც მენტალურად უფრო სხვანაირად გაგვაძლიერა. ფინალშიც თითქმის იგივე სიტუაცია შეგვექმნა, მაგრამ უფრო მეტი დრო გვქონდა დარჩენილი. დარწმუნებული ვიყავით, რომ შედეგს მივიღებდით. ემოციებზე რთულია საუბარი, ჯერ კიდევ ემოციებში ვართ. ძალიან მაგარი გრძნობაა. შარშან ვერცხლის ლიგის ჩემპიონები გავხდით და წელს არც გვქონდა გეგმაში სუპერლიგის ფინალში გასვლა. მივყევით ჩვენ გუნდურობას და ვცადეთ, ამან კი შედეგი გამოიღო. მე რაც მახსოვს სუპერლიგის ფინალების ისტორიაში, ყველაზე კარგი იყო. ორივე გუნდი თანაბრები ვიყავით, სხვადასხვა მოტივაცია გვქონდა კომპანიების მხრიდან და საბოლოო ჯამში ის შედგა, რაც უნდა შემდგარიყო“.

სუპერლიგის 2023/24 წწ. სეზონის „ენერგო-პროს“ ჩემპიონობით დასრულდა. „ჯორჯიან მანგანეზმა“ კი ზედიზედ მეორედ ვერცხლის მედლები მოიპოვა.



  © SBM, 2016-2024