"ენერგო-პრო" სუპერლიგაში ოქროს მედლებს დაეუფლა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის ფინალების სერია სუპერლიგით დაიწყო. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დაძაბულ და სანახაობრივ დასკვნით შეხვედრაში „ჯორჯიან მანგანეზი“ 3-2 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.
„ენერგეტიკოსების დერბი“ გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ლუკა გოგუაძემ „ენერგო-პრო“ მეხუთე წუთზე წინ გაიყვანა. ირაკლი გოგინაშვილმა წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინა. მეორე ტაიმი „GM“-ის უპირატესობით დაიწყო - ოცდამეორე წუთზე ლევან კუჭაშვილმა ანგარიში 2-1 გახადა. ილია თოლორდავამ მიღებულ გოლს მალევე უპასუხა, საბოლოო ანგარიში კი თეიმურაზ ჯაფარიძემ დააფიქსირა.
„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ გასულ სეზონში ვერცხლის ლიგის მოგების შემდეგ თავისი მეორე ტიტული სუპერლიგაში მოიპოვა და ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
Sbm.ge გთავაზობთ ფინალის შემდგომ კომენტარს:
გივი ნაკანი, ენერგო-პრო: „საბოლოო ჯამში ძალიან კარგი ჩემპიონატი გამოვიდა. რთული იყო. ბევრი ვიშრომეთ. ორი ჩემპიონობა ზედიზედ ძალიან კარგი შედეგია. დიდი მადლობა ყველაფრისთვის ორგანიზატორებს, ჩვენს ბიჭებს, მოწინააღმდეგეს და გულშემატკივრებს. მომავალი სეზონისთვისაც ვეცდებით მაქსიმუმი დავდოთ. ფინალი დაძაბული გამოვიდა. ცოტა გაგვიმართლა კიდეც. თავიდან ვაგებდით, მერე წონასწორობა აღვადგინეთ და საბოლოო ჯამში გავიმარჯვეთ, რითაც ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. მეორედ ავწიე თასი და ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, მითუმეტეს, სუპერლიგის. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ“.
სუპერლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს - „ენერგო-პრო“, „ჯორჯიან მანგანეზი“ კი ვერცხლის მედლებს ზედიზედ მეორედ დასჯერდა.