ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის საუკეთესო მოთამაშეები ცნობილია!

ყველა სიახლე
21 მაისი 2024

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის საუკეთესო მოთამაშეები ცნობილია!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონში ჩემპიონობა ლიგა 3-ის გასული სეზონის გამარჯვებულმა „დინამო თბილისმა“ იზეიმა. ფინალურ სერიაში „ლურჯ-თეთრებმა“ თასის მოქმედი მფლობელები 3-1 დაამარცხეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.

სერიაში გადამწყვეტი მეოთხე მატჩი აღმოჩნდა. „დინამომ“ მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 4-0 დაამარცხა. შეხვედრაში თავისი გოლი ლაშა-გიორგი ობოლაძემაც გაიტანა და ბომბარდირმა აქტივში სეზონის ბოლო გოლი მიითვალა.

ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და სპორტული სააგენტო SBM-ის CEO-მ ზაალ ჩიტალაძემ მიიღეს.

დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ლიგა 2-ის საუკეთესო მეკარე ლუკა ხარშილაძე (დინამო) გახდა. საუკეთესო მცველად კახა მაღლაკელიძე (დინამო) დასახელდა. საუკეთესო უნივერსალის ჯილდო ალექსი ტკაჩოვს (თსუ 2) გადაეცა. საუკეთესო თავდამსხმელის ტიტული წელს ორ მოთამაშეს მიენიჭა - გეგა კოშაძე (თსუ 2), ლუკა ელიზბარაშვილი (UG). საუკეთესო ასისტენტი 20 შედეგიანი გადაცემით, საუკეთესო ბომბარდირი 35 გოლით და სეზონის საუკეთესო მოთამაშე, „დინამოელთა“ კაპიტანი, ლაშა-გიორგი ობოლაძე გახდა.

Sbm.ge გთავაზობთ დაჯილდოების შემდგომ კომენტარებს:

ალექსი ტკაჩოვი, თსუ 2, საუკეთესო უნივერსალი: „ძალიან ძლიერი მეტოქე გამოდგა დინამო. მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთი თამაშის მოგება მოვახერხეთ და ჩემი აზრით, დაიმსახურეს მოგება ასი პროცენტით. ვერაფერს იტყვი წინასწარ, მაგრამ წითელი ბარათის გარეშე ნამდვილად სხვა თამაში იქნებოდა. ხუთზე შეტევის დროს ჩვენი მწვრთნელი დიდი ძალაა, ისედაც ბევრ რამეში დაგვეხმარებოდა. ასე რომ, ამან საბოლოო შედეგზე იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩემპიონობაზე ნაკლებს არ ვუმიზნებდით, ფინალში თამაშიც ამ შემადგენლობით საკმაოდ კარგი შედეგია. მინდა აღვნიშნო, რომ დავით გეგეშიძესთვის პირველი წელი იყო მწვრთნელის რანგში და ვულოცავ ფინალის დადებას, მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ“.

გეგა კოშაძე, თსუ 2, საუკეთესო თავდამსხმელი: „ფინალებში თავიდან ორით ნული წაიყვანა დინამომ და სერიაში დაბრუნება გაგვიჭირდა. დღევანდელ მატჩს რაც შეეხება, ცუდი შეცდომები გვქონდა, ჩვენც ვერ გავიტანეთ, არც იღბალი იყო. დამსახურებულად მოიგო „დინამომ“. რა თქმა უნდა, მინდოდა ბომბარდირობა, ისევე, როგორც ლაშას. რაღაცები დავაკელი ალბათ. ვულოცავ ლაშას ბომბარდირობას. შემდეგ სეზონში ვეცდები, რომ გავხდე. სასიხარულოა ჩემთვის მიღებული პრიზი, რადგან რაც ვიშრომე ამ სეზონში რაღაცით მაინც დამიფასდა“.

ლუკა ელიზბარაშვილი, UG, საუკეთესო თავდამსხმელი: “პირველად გავედით საპრიზო ადგილზე და ვთვლი, რომ კარგი სეზონი გვქონდა. რამდენიმე არგამართლებასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ჯამში მაინც კარგი იყო. პირველი წელია, რაც ფუტსალის თამაში დავიწყე. ჩემი გუნდელი ბიჭები დიდი ხანია ამ სპორტში არიან და რომ მოვხვდი დაჯილდოებაზე ჩემთვის დიდი პატივია“.

კახა მაღლაკელიძე, დინამო, საუკეთესო მცველი: „ძალიან რთული სეზონი იყო. ყველაფერი გამოვიარეთ. საბოლოოდ შედეგი სახეზეა. მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, ჩვენს მეტოქეებს, განსაკუთრებით „თსუ2“-ის ბიჭებს, ძალიან კარგები არიან, ასევე ჩვენ გუნდს, მწვრთნელს კახა მაისაიას, ზაზა დოლიძეს. მინდა ვისარგებლო მომენტით და მადლობა გადავუხადო „კსუ“-ს გუნდს, სადაც სეზონის პირველი წრე გავატარე. შარშან ამ დროსაც ჩემპიონები გავხდით და სხვა მიზანი არ გვქონია. ძალიან გახარებული ვარ, ეს ჯერ კიდევ ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და არა ბოლო გაჩერება. ინდივიდუალურ ჯილდოს ველოდი, თამამად ვიტყვი. ბევრი ვივარჯიშე ამ შედეგისთვის. რა თქმა უნდა, მთავარი ჩემპიონობა იყო. ამ ჯილდოს უკანაც მთელი გუნდი დგას“.

ლუკა ხარშილაძე, დინამო, საუკეთესო მეკარე: „იქიდან გამომდინარე, რომ ფინალი იყო, მაინც დაძაბულობა შეიმჩნეოდა. ბიჭებიც რაღაც შებოჭილები ვიყავით, მაგრამ ჩვენი უპირატესობით წარიმართა თამაში. მოვახერხეთ ოთხი გოლის გატანა და კარის მშრალად შენახვა. ძალიან რთული იყო ერთი თამაშის წაგების შემდეგ ეს ყველაფერი, რადგან იმათკენ გადავიდა ფსიქოლოგიური უპირატესობა. მაინც შევძელით გამარჯვება. ზოგადად, ფეხბურთში რაც მიყვარს, ფეხით თამაშია, ყველაზე მეტად მსიამოვნებს. პირველ რიგში, მეკარე ვარ და კარი უნდა დავიცვა, მაგრამ ამავდროულად მსიამოვნებს წინ თამაში და აქედან გამომდინარეა, რომ ფუტსალში გადმოვედი დიდი ფეხბურთიდან“.

ფუტსალის ლიგა 2-ის გამარჯვებული „დინამო“ მომავალი სეზონიდან საქართველოს ფუტსალის უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს.

 



  © SBM, 2016-2024