"ტიფლისი" ფუტსალის ლიგა 3-ში ოქროს მედლებს დაეუფლა!

ყველა სიახლე
18 მაისი 2024

ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის ჩემპიონი „ტიფლისი“ გახდა. „დედაქალაქელებმა“ „ჯიპა“ მესამე შეხვედრაშიც დაამარცხეს, ანგარიშით 9-4 და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.

„ტიფლისი“ წინ მეექვსე წუთზე გავიდა და მეტოქეს კიდევ ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ტაიმი ჩემპიონების სასარგებლოდ 4-2 დასრულდა. მეორე ნახევარიც იმავე სცენარით წარიმართა. „სტუდენტებმა“ ჩამორჩენის მაქსიმალურად შემცირება მხოლოდ ორ ბურთამდე შეძლეს და ფინალურ მატჩში საბოლოოდ უშანსოდ დამარცხდნენ.

„ტიფლისის“ რიგებიდან გადამწყვეტი როლი ლაშა ჯიქიამ ითამაშა, რომელმაც აქტივში ხუთი გოლი მიითვალა და სეზონის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

Sbm.ge გთავაზობთ ფინალის შემდეგომ ინტერვიუს:

ლაშა ჯიქია, ლიგა 3-ის საუკეთესო მოთამაშე: „ყველა ძალიან გახარებულები ვართ რომ შევძელით ლიგა 3-ის მოგება. ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ მთელი გუნდი ერთ ოჯახად ვართ შეკრული. მადლობა ყველას, ვინც ამ გამარჯვებაში ელემენტარული წვლილი მაინც შეიტანა. ძალიან კარგი სათამაშო ატმოსფერო იყო. მადლობას ვუხდი გულშემატკივარს, სხვა ხიბლს სძენენ ისინი თამაშს.

შესანიშნავი შეგრძნებაა. მიხარია, რომ ლიგა 2-ში ვითამაშებთ და იქაც ჩვენ სათქმელს აუცილებლად ვიტყვით. ეს ბოლო თამაში განსაკუთრებულად კარგი გამოდგა ჩემთვის. მაქსიმალურად მოტივირებულები ვიყავით ყველანი. არანაირად არ გვინდოდა ამ თამაშის წაგება. მეც ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე, რათა წვლილი შემეტანა გამარჯვებაში, რაც შეძლებისდაგვარად გამომივიდა - გავხდი კიდევაც საუკეთსო მოთამაშე“.

ფუტსალის ლიგა 3-ის სეზონი „ტიფლისის“ ჩემპიონობით დასრულდა. „ჯიპა“-მ ვერცხლის მედლები მიიღო, ბრინჯაოს პრიზიორი კი „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“ გახდა.



  © SBM, 2016-2024