ახალგაზრდული ლიგის ფინალის მეორე შეხვედრაში "ს.ლ. აკადემიამ" იმარჯვა!
ყველა სიახლეფუტსალის ახალგაზრდული ლიგის 2023/24 წწ. სეზონის საჩემპიონო სერიაში ანგარიში 1-1 გახდა. „სასკოლო ლიგის აკადემიამ“ „გრანდ ავლაბართან“ პირველი ტაიმის შემდეგ ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, 4-2 იმარჯვა და სერიაში წონასწორობა აღადგინა.
„გრანდ ავლაბარმა“ საწყისი ტაიმის ბოლო სამ წუთში გიორგი აირაპეტიანის დუბლით 2-0 მოიგო. „ს.ლ. აკადემიამ“ მეორე ნახევარში თამაშის შეცვლა შეძლო და ანგარიში შემოატრიალა. ერთწუთიან ინტერვალში გუნდმა წონასწორობა აღადგინა, ბოლო წუთზე კი თორნიკე გულიაშვილმა ჯერ გოლი გაიტანა, საფინალო სირენამდე კი ნიკოლოზ გოგოხიას გაატანინა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
თორნიკე გულიაშვილი, ს.ლ. აკადემია: „ეს მატჩი ძალიან ცუდად დავიწყეთ. ორით ნულს ვაგებდით, მაგრამ ერთობლივი ჟინით და თავდადებით ამოვატრიალეთ თამაში. ცხადია, რომ პირველი ტაიმი არ გამოგვივიდა, რაც დაგეგმილი გვქონდა ვერ შევასრულეთ. აქედან გამომდინარე, ორი გოლი გავუშვით. მეორე ტაიმში მთავარი მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ, რაც ანგარიშზეც აისახა. ბოლოს უკვე ვიწამეთ, რომ აუცლებლად გავიმარჯვებდით და ასეც მოხდა“.
გიორგი აირაპეტიანი, გრანდ ავლაბარი: „ძალიან დაძაბული თამაში იყო და ასეც ველოდით. ორივე გუნდი ძალიან კარგად ვიყავით მომზადებულები. პირველ ტაიმში გამძლეობა კარგად გვქონდა, მაგრამ მეორეში ვეღარ გავუძელით. დავიღალეთ, ბოლომდე ვერ ვიბრძოლეთ. არა უშავს, შემდეგი თამაშისთვის მოტივირებულები ვიქნებით. ყველას მოგება გვინდოდა, მაგრამ მეტოქეს მეტი სათადარიგო ჰყავდა, რაც გამოიყენეს. ვიცოდით, რომ ორივე გუნდი ეგრევე სამ თამაშს ვერ მოვიგებდით, ამისთვისაც მზად ვიყავით. რაც მეტი თამაში იქნება, უფრო მეტი სანახაობაც გამოვა“.
ახალგაზრდული ლიგის საჩემპიონო სერიის მესამე მატჩი არენა 2-ში 27 მაისს გაიმართება.