"თსუ 2"-მა "დინამოსთან" პენალტებში მოიგო და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა!

ყველა სიახლე
14 მაისი 2024

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მესამე ფინალურ დაპირისპირებაში "თსუ 2"-სა და "დინამოს" შორის მაყურებელმა უხვგოლიანი თრილერი იხილა. სპორტ კომპლექს არენა 2-ში გამართული მატჩის ძირითადი დრო ფრედ 6-6 დასრულდა, უგოლო დამატებითი ტაიმების შემდეგ კი გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა. "თსუ 2"-მა მეტოქე საფეხბურთო ლატარეაში 5-3 დაამარცხა და საჩემპიონო სერიაში ანგარიში 2-1 გახადა. 

მეცხრე წამზე "სტუდენტები" წინ გავიდნენ, რის შემდეგაც დაწინაურება კიდევ ორჯერ შეძლეს, მაგრამ "დინამო"-მ ყოველ მიღებულ გოლს მომდევნო წუთზევე უპასუხა. ტაიმის პირველ ნახევარში ანგარიში 3-3 იყო. დარჩენილ დროში "თსუ 2"-მა მეტოქეს კიდევ სამი გოლი გაუტანა, საკუთარ კარში კი ერთი მიიღო (6-4). ჰეთ-თრიკი შეასრულეს ლაშა-გიორგი ობოლაძემ და გეგა კოშაძემ, რომლებიც ერთმანეთს ბომბარდირობას ედავებიან.

ოცდამეშვიდე წუთამდე "ლუჯ-თეთრებმა" სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, ბოლო წუთზე კი ანგარიში დათო ხუბუტიამ გაათანაბრა. პენალტების სერიაში "თესეუელთა" მეკარემ, ნიკა ნოზაძემ, ერთი დარტყმა მოიგერია, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გეგა კოშაძე, თსუ 2: "მართლაც საოცარი თამაში იყო. მადლობა მოწინააღმდეგეს, კარგად იბრძოლეს, "დაგვიქამბექეს" ანგარიში. პირველ ტაიმს რაც შეეხება, წინ გავედით ძალიან. ჩემი აზრით, უკეთესად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში უფრო ჩავჯექით დაცვაში და ცუდი გოლები გავუშვით. მეტოქემ გამოიყენა შანსები. დღეს მხოლოდ მოსაგებად ვიყავით გამოსულები და შემდეგ თამაშშიც იგივე შემართებით გამოვალთ. ჩემი აზრით, ძირითად დროში მოგებას ვისახურებდით, მაგრამ რაღაც შეცდომების გამო, გაგვივიდა გოლები. მთავარია გავიმარჯვეთ, ძალიან გახარებული ვარ".

ლაშა-გიორგი ობოლაძე, დინამო: "ბიჭებს ვულოცავ გამარჯვებას. დღეს სულ მდევრის როლში ვიყავით პირველი ტაიმიდან მოყოლებული. თამაშის მიწურულს ფრე გავხადეთ, შემდეგ დამატებითი დროც ფრე მორჩა. პენალტებში ორმოცდაათი ორმოცდაათზეა და სამწუხაროდ, დავმრცხდით. საკმაოდ კარგი თამაში იყო და გამარჯვებას ორივე გუნდი ვიმსახურებდით. მეორე ტაიმში ჩვენ უფრო ძლიერები ვიყავით და გვეკუთვნოდა მოგება. დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. დღეს მეც და გეგამაც სამ-სამი გოლი გავიტანეთ, მაინც ლიდერობას ვინარჩუნებ და ვაპირებ, რომ ბოლომდე შევინარჩუნო".

"დინამო თბილისსა" და "თსუ 2"-ს შორის მეოთხე ფინალური დაპირისპირება 20 მაისს გაიმართება. 



  © SBM, 2016-2024