"ჯორჯიან მანგანეზმა" "საქართველოს ბანკი" 1/2 ფინალურ სერიაში დაამარცხა!

ყველა სიახლე
12 მაისი 2024

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონში სუპერლიგის ორივე ფინალისტი ცნობილია. "ჯორჯიან მანგანეზმა" "საქართველოს ბანკი" საპასუხო 1/2 ფინალურ მატჩში 3-0 დაამარცხა და ჩემპიონობისთვის "ენერგო-პროს" გაეჯიბრება. 

დაძაბული პირველი ტაიმის მიწურულს ლევან კუჭაშვილმა GM წინ გაიყვანა და გუნდი მეორე ნახევარს უპირატესობით შეხვდა. "ენერგეტიკოსებს" თამაშზე კონტროლი არც დარჩენილ დროში დაუკარგავთ, კარი მშრალად შეინახეს და კიდევ ორი გოლის გატანა შეძლეს. სხვაობა ორამდე ირაკლი გოგინაშვილმა გაზარდა. ტაბლოზე 3-0 კი ბესო ფერაძემ ბოლო წუთზე დააფიქსირა. 

სუპერლიგის ფინალში მაყურებელი "ენერგეტიკოსების" დერბის იხილავს. "ენერგო-პრომ" გასულ სეზონში თავისი პირველი ტიტული, ვერცხლის ლიგის ჩემპიონობა, მოიპოვა. "ჯორჯიან მანგანეზმა" კი ოქროს ლიგის ფინალში ითამაშა. 

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ბესო ფერაძე, ჯორჯიან მანგანეზი: "საერთო ჯამში თამაში დაძაბული გამოვიდა. "საქართველოს ბანკი" საკმაოდ ორგანიზებული და ძლიერი გუნდი იყო. ვთვლი, რომ მთელი თამაში ვაკონტროლებდით სიტუაციას, ბურთის ფლობაშიც უპირატესობა გვქონდა და მეტ მომენტს ვქმნიდით. საბოლოო ჯამში, გავიდა გოლები და დამაჯერებლად 3-0 მოვიგეთ, მადლობა მინდა გადავუხადო მოსულ გულშემატკივარს, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში ჩვენ გვერდით იყვნენ. მათი დიდი დამსახურებაა დღევანდელი გამარჯვება. "ენერგო-პრო" ერთ-ერთი ფავორიტია ამ ტურნირის, შევეცდებით ის თამაშიც მოვიგოთ და თასი ჩვენ დაგვრჩეს".

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები გრძელდება. ბრინჯაოს და ოქროს ლიგებში განმეორებითი 1/2 ფინალების შემდეგ ფინალისტები გამოვლინდებიან. 



  © SBM, 2016-2024