"ენერგო-პრო" სუპერლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის ნახევარფინალური შეხვედრები მიმდინარეობს.
სუპერლიგაში "ენერგო-პროსა" და "ნიკორა"-ს საპასუხო მატჩში დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. "ენერგეტიკოსებმა" მეტოქეზე უპირატესობა თამაშის დაწყებიდან სამ წუთში მოიპოვეს და მალევე 3-1-ს იგებდნენ. ტაიმის დასრულებამდე "ნიკორამ" სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მეორე ნახევარში კი ანგარიშის შემოტრიალება შეძლო და საბოლოოდ 6-4 იმარჯვა. "ნიკორას" რიგებიდან დუბლი ნიკა ჯოლოხავამ და შოთა უშარაულმა შეასრულეს. "ენერგ-პროს" მხრიდან ორი გოლია ლუკა გოგუაძის სახელზე.
ვინაიდან, პირველ მატჩში გამარჯვება "ენერგო-პროს" დარჩა, ფინალში გამსვლელი პენალტების სერიაში გამოვლინდა. თითო გამოუყენებელი დარტყმის შემდეგ სერია პირველ გაცუდებულ პენალტამდე გაგრძელდა და საბოლოოდ "ენერგეტიკოსებმა" ოთარ კიკნაველიძის ზუსტი შესრულებით "საფეხბურთო ლატარეაში" 6-5 იმარჯვეს.
სათამაშო დღე ვერცხლის ლიგით დაიწყო, სადაც მეორე ფინალისტი გამოვლინდა. ჩემპიონობისთვის NS Studio-ს წინააღმდეგ "ავერსი" იბრძოლებს. "ფარმაცევტებმა" "ბანკი ქართუ" 3-1 დაამარცხეს. საწყის წუთზე "ბანკირები" წინ ნიკოლოზ თოდუას გოლით გავიდნენ, თუმცა პაატა ლეჟავამ წონასწორობა მალევე აღადგინა. ტაიმის დასრულებამდე "ავერსმა" ერეკლე ლომიძის გოლით წინ გასვლა შეძლო, მეორე ნახევრის სტარტზე კი ზურაბ თარაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა, რის შემდეგაც, ანგარიში აღარ შეცვლილა.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ოთარ კიკნაველიძე, ენერგო-პრო: "პირველ თამაშში უპირატესობა მოვიპოვეთ. ცოტა იმოქმედა დღევანდელ მოტივაციაზე ამან. კარგად დავიწყეთ მატჩი, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ცოტა ავირიეთ და ამას შედეგიც მოჰყვა - დაწყებიდან ხუთ წუთში ვაგებდით. ჩვენი თამაში მეორე ტაიმში ვერ ვიპოვეთ. პირველივე დღიდან ჩვენი მიზანი იყო სუპერლიგის ფინალში გვეთამაშა. ემოციური გამოდგა პენალტების სერია, ვიტყვი იმისაც, რომ თუ ასე უნდა მოგვეგო, მერჩივნა პენალტებში მოგვეგო, ვიდრე ანგარიშით. მოვემზადებით მაქსიმალურად ფინალისთვის, "ენერგო-პრო" გვერდში გვიდგას ყველანაირად. ყველა ვართ ერთი მიზნისკენ მიმართული - წელს ჩვენ უნდა გავხდეთ სუპერლიგის ჩემპიონები. შვიდი წელია ეს გუნდი არსებობს, შარშან ვერცხლის ლიგა მოვიგეთ და წელს, როგორც კი გავიგეთ, რომ A ჯგუფში ვიყავით, ერთადერთი მიზანი დავისახეთ - სუპერლიგა და გპირდებით, რომ გავხდებით ჩემპიონები".
დღის განმავლობაში არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგების საპასუხო 1/2 ფინალური მატჩები გაიმართება, ასევე გამოვლინდება "ენერგო-პროს" ფინალური მეტოქე.