"ტიფლისმა" პენალტებში მოპოვებული გამარჯვებით საჩემპიონო სერიაში ანგარიში 2-0 გახადა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის საჩემპიონო სერია დაძაბული და სანახაობივი მატჩით გაგრძელდა. განმეორებით დაპირისპირებაში "ტიფლისმა" "ჯიპა"-სთან თამაშის მიწურულს ანგარიში 2-2 გახადა და საბოლოოდ პენალტების სერიაში 4-1 იმარჯვა.
მეშვიდე წუთზე "დედაქალაქელები" ლაშა ჯიქიას გოლით დაწინაურდნენ. დაჩი საღარაძემ მეთოთხმეტე წუთზე მეკარის უხეში შეცდომა გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა. "სტუდენტები" მეორე ტაიმში წინ გავიდნენ. "ტიფლისის" აქტიურმა და სახიფათო შეტევებმა თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე შედეგი გამოიღო და გიორგი თოდუამ შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა.
ფინალის მეორე მატჩში დამატებითი დრო გოლის გარეშე მიილია. გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა. "ჯიპა"-ს პირველი დარტყმა გიორგი მგელაძემ მოიგერია, მესამე კი კარს აცდა. მეტოქისგან განსხვავებით "ტიფლისმა" ყველა დარტყმა ზუსტად შეასრულა და სერიაში ანგარიში 2-0 გახადა.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი ტაბახმელაშვილი, ჯიპა: "პენალტების სერიაში დამარცხება ძალიან დასანანია, მაგრამ მოპოვებული გამარჯვება ყოველთვის დამსახურებულია და ვულოცავ "ტიფლისს". წინ ვიყავით. მეორე ტაიმის ბოლოს გავუშვით ძალიან დასანანი გოლი, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ თავში უნდა ვეძებოთ პრობლემა. ვერ შევინარჩუნეთ ის უპირატესობა, რაც გვქონდა. ბოლოს ყველაფერმა ერთად იმოქმედა ალბათ - კონცენტრაცია, დაღლა. ზოგადად, ძალიან რთულია ორი ოც წუთიანი სუფთა ტაიმის თამაში. მოსაგებად გამოვალთ მესამე თამაშში, რა თქმა უნდა. ვეცდებით დარჩენილ შეხვედრებში გამოვასწოროთ შეცდომები და მოვატრიალოთ სერია".
ლაშა ჯიქია, ტიფლისი: "პირველ რიგში, პატივისცემა მოწინააღმდეგეს. მადლობა ჩვენს გუნდს, სამწვრთნელო შტაბს და მენეჯმენტს, არავინ თავს არ ზოგავს. ვაგებდით თამაშს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ბოლო წუთამდე ვთამაშობთ და ზუსტად ამის შედეგია ის, რომ დღეს მოვახერხეთ გამარჯვება. მეორე მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. კიდევ ერთი თამაში გვაქვს დარჩენილი და მაქსიმუმს გავაკეთებთ თასის მოსაგებად. წინა თამაშთან შედარებით მეტოქე დღეს უფრო კონცენტრირებული იყო, რამაც თავისი წილი დაძაბულობა შესძინა შეხვედრას. ჩვენმა ბრძოლამ თავისი შედეგი გამოიღო, თან მეკარემაც პენალტების სერიაში დიდი როლი ითამაშა, რამაც გამარჯვება მოგვიტანა".
"ტიფლისაა" და "ჯიპა"-ს შორის საჩემპიონო სერია სამ მოგებამდე გაგრძელდება.