"ქართუ" და "ავერსი" ვერცხლის ლიგის ფინალში გასვლის თანაბარ შანსებს ინარჩუნებენ!

ყველა სიახლე
21 აპრილი 2024

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონში სტარტი ნახევარფინალურმა შეხვედრებმა აიღო. სპორტ კომპლექს არენა 2-ში ვერცხლის, ბრინჯაოს, ოქროსა და სუპერლიგების მატჩები გაიმართება.

დღე ვერცხლის ლიგით დაიწყო. NS Studio-მ „DHL“ პირველ დაპირისპირებაში 5-4 დაამარცხა და სერიაში უპირატესობა მოიპოვა. პირველი ტაიმი სრულად „არქიტექტორების“ უპირატესობით წარიმართა - მიღებული ოთხი გოლიდან „DHL“-მა ერთის გაქვითვა შეძლო. ოცდამეჩვიდმეტე წუთამდე სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა (4-3), მაგრამ დარჩენილ დროში გუნდებმა თითო ბურთი გაცვალეს და შეხვედრა NS Studio-ს სასარგებლოდ დასრულდა. გამარჯვებულთა რიგებიდან დუბლი გიორგი ივანიშვილმა გაიფორმა. მეტოქე რიგებიდან კი ორი გოლით ზაზა ფიფია გამოირჩა.

ვერცხლის ლიგის 1/2 ფინალური სერია „ქართუ ბანკისა“ და „ავერსის“ მძიმე მატჩით გაგრძელდა. „ფარმაცევტები“ მეხუთე წუთზე პაატა ლეჟავას გოლით დაწინაურდნენ. წონასწორობა ავთანდილ ბუიღლიშვილმა აღადგინა და მალევე „ბანკირები“ ნიკოლოზ თოდუას გოლით წინ გავიდნენ. ოცდამეშვიდე წუთზე ზურაბ თარაშვილმა ანგარიში გაათანაბრა. „ავერსის“ მეკარემ, რატი ქართველიშვილმა, ბოლო წამზე დანიშნული პენალტი მოიგერია და მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. გუნდები განმეორებით 1/2 ფინალურ შეხვედრას თანაბარი შანსებით შეხვდებიან.

დღის განმავლობაში არენა 2-ში ბრინჯაოს, ოქროს და სუპერლიგების 1/2 ფინალური დაპირისპირებები გაიმართება.



  © SBM, 2016-2024