მესამე ადგილისთვის გამართულ პირველ შეხვედრაში UG-მ იმარჯვა!

ყველა სიახლე
20 აპრილი 2024

მესამე ადგილისთვის გამართულ პირველ შეხვედრაში UG-მ იმარჯვა!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონში ფინალური ეტაპი დაიწყო. „საქართველოს უნივერსიტეტი“ და „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი“ ერთმანეთს მესამე ადგილისთვის გამართულ ბრძოლაში დაუპირისპირდნენ. სერიის პირველი შეხვედრა UG-ის სასარგებლოდ 7-2 დასრულდა.

„სტუდენტურ დერბიში“ „UG” პირველ ტაიმს ორი ბურთით იგებდა. ბოლო წამებზე „სეუ“-მ ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა მოიპოვა და ამირან ცხომარიამ ანგარიში 2-1 გახადა. მეორე ნახევარი კვლავ რეგულარული სეზონის ჩემპიონების უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ UG-მ სოლიდური სხვაობით იმარჯვა. გუნდს გამარჯვებაში ორ-ორი გოლით ლუკა ელიზბარაშვილი და ბექა მურღული დაეხმარნენ.  

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლაშა ბუბულაშვილი, სეუ: „სამწუხაროდ, დავმარცხდით. შედეგი ისეთი არის, თითქოს მარტივად წავაგეთ, მაგრამ ვიბრძოლეთ. ცოტა მოუმზადებლები ვიყავით, ვარჯიშები ჩვენი მიზეზების გამო გაგვიცდა. ხუთით შეტევისას ბევრი მომენტი გამოგვიჩნდა, ვერ გამოვიყენეთ და ჩვენი ბრალი იყო. არ ვფიქრობ, რომ უპირატესობით შეტევის ბრალი იყოს ეს შედეგი. უბრალოდ სამით ერთზე და ოთხით ერთზე გავტყდით. ცოტა რთულია შემდეგ თამაშში დაბრუნება. ვეცდებით გამოვასწოროთ შემდეგისთვის შეცდომები. ყველაფერი წინ არის“.

ლუკა ელიზბარაშვილი, UG: „ტაბლოზე არსებული შედეგი საერთოდ არ ასახავს თამაშს, რადგან ბოლოს გავიჭერით წინ. ძალიან რთული თამაში იყო. განხილული გვქონდა მეტოქე წინასწარ და ვიცოდით, რომ თავიდანვე ხუთზე შეგვიტევდნენ. ბოლო კვირა სულ ამაზე ვმუშაობდით, რამაც შედეგი გამოიღო. პირველი შეხვედრა მოვიგეთ და მაინც დადებითად შევაფასებ ჩვენ თამაშს. უფრო რთული მატჩი გველის წინ. მესამე ადგილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვინაიდან „თსუ“ ვერ გადადის უმაღლესში, ჩვენ გვიჩნდება ამის შანსი“.

UG-სა და „სეუ“-ს შორის ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლა ორ მოგებამდე გაგრძელდება.



  © SBM, 2016-2024