"გრანდ ავლაბარი" ფინალის საგზურს მიუახლოვდა!

ყველა სიახლე
20 აპრილი 2024

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის 2023/24 წწ. სეზონის 1/2 ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს „გრანდ ავლაბარი“ და „ბეტისის აკადემია“ დაუპირისპირდნენ. სერიის პირველ შეხვედრაში „გრანდ ავლაბარმა“ მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 9-2 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი 3-1 დასრულდა. ოცდამეხუთე წუთზე გიორგი არაბულმა აქტივში მეორე გოლი მიითვალა და „ბეტისელთა“ ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა (3-2). დარჩენილ დროში თამაში სრულად „გრანდ ავლაბრის“ კარნახით წარიმართა და საბოლოოდ მათი უპირატესობა სოლიდური გახდა. გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო ოთხი გოლით და ორი შედეგიანი გადაცემით დავით წერეთელი იყო. პოკერი შეასრულა გიორგი აირაპეტიანმაც.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით წერეთელი, გრანდ ავლაბარი: „პირველ ტაიმში ბურთის ფლობითაც ვაჯობეთ. დიდი ხანი ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის. გასვლითი შეკრებებიც გვიარეთ. მეორე ნახევარფინალურ მატჩში უფრო მძიმე თამაშს ველით. ჩემი აზრით, გამარჯვების მენტალიტეტით და თამაშის სტილით ვაჯობეთ, რაზეც გვაქვს აგებული ყველაფერი. ვფიქრობ, რომ მიზანს მივაღწევთ. ბევრი ტაქტიკა გვაქვს გავლილი, დღეს გვაკლდა ჩვენი მწვრთნელი, მაგრამ სულ ვმუშაობთ ამ მხრივ და გამოვიყენეთ ყველაფერი, რაც თამაშზეც აისახა“.

გიორგი არაბული, ბეტისის აკადემია: „თავიდან ორი უპასუხო გოლი გავუშვით. სამით ერთს რომ ვაგებდით და მეორე გავიტანეთ, მერე უკვე შეიძლებოდა მატჩის შემოტრიალება, მაგრამ ვერ შევძელით. ჩვენი გუნდი ნელ-ნელა ვითარდება, ჩვენ ზურგს ბეტისის საფეხბურთო აკადემია გვიმაგრებს და შემდეგ თამაშში მეტ წინააღმდეგობას გავუწევთ მეტოქეს. ბევრად კარგად გამოვიყურებოდით პირველ ტაიმში, მაგრამ შემდეგ გოლი რომ გავუშვით, ავიჭერით და ამანაც განაპირობა მატჩის მიმდინარეობა“.

გუნდებს შორის განმეორებითი ნახევარფინალური დაპირისპირება 28 აპრილს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024