"ს.ლ. აკადემიამ" "კომაროვი" პირველ 1/2 ფინალურ მატჩში დაამარცხა!

ყველა სიახლე
20 აპრილი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში სტარტი ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის სადებიუტო სეზონის 1/2 ფინალებმა აიღო. „სასკოლო ლიგის აკადემიამ“ „კომაროვი“ პირველ დაპირისპირებაში 6-2 დაამარცხა და სერიაში წინ გავიდა.

მატჩის პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა. „სასკოლო აკადემიამ“ საწყისი ნახევარი მინიმალური სხვაობით 1-0 მოიგო. ოცდამეორე წუთზე სხვაობა ორ ბურთამდე გაიზარდა, რის შემდეგაც გუნდს უპირატესობა აღარ დაუთმია. ერთწუთიან ინტერვალში „მათემატიკოსებმა“ ორი გოლი გაქვითეს, მაგრამ ანგარიშის შემოტრიალება ვერ შეძლეს.

გამარჯვებულთა რიგებიდან დუბლი ლევან გუგუციძემ და ილია გოგოხია-ხატისკაცმა გაიფორმეს. "კომაროველთა" ორივე გოლი ალექსანდრე ბუჯიაშვილის სახელზე.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ილია გოგოხია-ხატისკაცი, ს.ლ. აკადემია: „ძალიან ძნელი თამაში გამოვიდა. ფიზიკურად დავიღალეთ, მეტოქე ბევრს დარბოდა. პირველი ტაიმი ერთით ნული იყო. მეორე ტაიმში მოტივაცია მოგვცა მწვრთნელმა და შეტევაში გადავედით, რათა მეტი გოლი შეგვეგდო და გამარჯვება მოგვეპოვებინა. განმეორებით შეხვედრაში მხოლოდ მოგებას ველოდებით“.

ალექსანდრე ბუჯიაშვილი, კომაროვი: „რთული და კარგი თამაში იყო. პირველი ტაიმი ერთით ნული დასრულდა, რაც ფუტსალისთვის მცირე ანგარიშია. დაძაბული შეხვედრა იყო. მეორე ნახევარში ბევრი გოლი გავუშვით და ვეღარ მოვახერხეთ თამაშის შემოტრიალება. შემდეგ მატჩში უფრო ძლიერები დავბრუნდებით. თავიდან ძალიან შემართებით ვიყავით, მერე ცოტა მოვეშვით და ალბათ ამან გამოიწვია ის გოლები. როცა მოვინდომეთ, გავიტანეთ ორი გოლი. ბევრს ვივარჯიშებთ და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მოვიგებთ შემდეგში“.

გუნდებს შორის განმეორებითი ნახევარფინალური დაპირისპირება 28 აპრილს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024