საკვალიფიკაციო ლიგაში ოთხივე ნახევარფინალისტი გამოვლინდა!

ყველა სიახლე
14 აპრილი 2024

საკვალიფიკაციო ლიგაში ოთხივე ნახევარფინალისტი გამოვლინდა!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის საკვალიფიკაციო ლიგის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას „e-team”, „ბაზისბანკი“, „ლაქტალისი“ და „თბილავიამშენი“ გააგრძელებენ.

მეოთხედფინალების დასკვნით შეხვედრაში რეგულარული სეზონის პირველადგილოსანმა „e-team”-მა „ტერაბანკთან“ მარტივად, 6-2 იმარჯვა. „ბუკმეიკერებმა“ საწყისი ტაიმი 3-1 მოიგეს, დარჩენილ დროში კი უპირატესობა კომფორტული გახადეს. თამაშში სამი გოლით ნიკოლოზ კუსიანი გამოირჩა.

სანახაობრივი იყო „ლაქტალისისა“ და „სფეისის“ მეოთხედფინალური სერია. წყვილში გამართული საპასუხო მატჩიც ფრედ დასრულდა, გამარჯვებული კი პენალტებში გამოვლინდა. მეჩვიდმეტე წუთზე „სფეისი“ წინ სანდრო გაგოშიძის გოლით გავიდა. მეორე ნახევარში საბოლოო ანგარიში 1-1 გიორგი ალავიძემ დააფიქსირა. პენალტების სერიაში ორივე გუნდის მეკარემ თითო დარტყმა მოიგერია. „სფეისმა“ მესამე პენალტი ძელს მოარტყა, შედეგად „ლაქტალისმა“ 2-1 იმარჯვა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი ბერიშვილი, ლაქტალისი: „ძალიან დაძაბული თამაში იყო. თავიდან გაგვიჭირდა დაწყება, გოლი გაგვიტანეს, რაც სამწუხარო იყო, მაგრამ შევძელით და გავათანაბრეთ. რთული და სანახაობრივი მატჩი იყო. პენალტები უკვე იღბალზეა დამოკიდებული. „სფეისი“ კარგი გუნდია, მაგრამ პირველივე თამაში უნდა მოგვეგო ჩვენ, რადგან გვქონდა უპირატესობა. ნახევარფინალში სულერთია ჩვენი მეტოქე, ყველას ვეთამაშებით და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“.

სხვა შეხვედრაში „თბილავიამშენმა“ „შიშეჯამი“ დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა და 1/4 ფინალური ეტაპი წარმატებით გადალახა. საბა საბანაძის დუბლით „თბილავიამშენმა“ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. სხვაობა შეხვედრის ბოლო წუთზე გიორგი ლიპარტელიანმა  შეამცირა.

საკვალიფიკაციო ლიგის 1/2 ფინალური წყვილები: „e-team” VS „ლაქტალისი“, „ბაზისბანკი“ VS „თბილავიამშენი“.

ფინალისთვის ბრძოლას გუნდები 28 აპრილს დაიწყებენ.



  © SBM, 2016-2024