"ჯიპა"-მ "ბსსა" დაძაბულ 1/2 ფინალურ სერიაში დაამარცხა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის ფინალში „ტიფლისის“ მეტოქე „ჯიპა“ იქნება. „ჯიპა“-მ „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“ განმეორებით შეხვედრაშიც დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
სპორტ კომპლექს არენა 2-ში გამართული მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. „მეზღვაურებმა“ ჩამორჩენის მიუხედავად თამაშში დაბრუნება შეძლეს, მაგრამ საბოლოოდ 4-3 დამარცხდნენ.
„ჯიპა“ წინ პირველივე წუთზე გავიდა და მეტოქეს მალევე კიდევ ორი გოლი გაუტანა (3-0). ორწუთიან ინტერვალში „ბსსა“-მ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, ტაიმის ბოლო წამზე კი რეზო მალაყმაძემ ანგარიში გაათანაბრა (3-3). მეორე ნახევარში „ჯიპა“-ს მეკარემ, მიხეილ ხაჩატუროვმა, „ბათუმელების“ არა ერთი სახიფათო დარტყმა მოიგერია. ოცდამეჩვიდმეტე წუთზე გამარჯვების გოლი ნიკოლოზ ბოლქვაძემ გაიტანა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
მალხაზ შამილაძე, ბსსა: „ვულოცავ ჯიპას, მართლა ძალიან კარგი გუნდია. ვფიქრობ, რომ გამარჯვებული ორ მატჩში არ უნდა გამოვლენილიყო. თანაბარი დონის ვართ, რაღაც გარემო ფაქტორებმა იქონია გავლენა. შეიძლება ჩვენი შეცდომებიც, არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, მაგრამ წინა თამაშიდან გამომდინარე სხვისი შეცდომებიც... ზოგადად, ბათუმიდან ჩამოსვლამ მთელი სეზონის განმავლობაში ბოლოს იჩინა თავი და ამან განაპირობა, რომ გადამწვარები ვართ. ვფიქრობ, არ გაგვიმართლა - რამდენიმე ძელი იყო, იმათი მეკარე საოცრად ირჯებოდა, მეორე ტაიმში განსაკუთრებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად მაღალ ადგილზე დავასრულოთ სეზონი“.
მიხეილ ხაჩატუროვი, ჯიპა: „დღეს ყველაზე ბედნიერი ვარ, ამ ჩემს თამაშს და ამ ჩემს გამარჯვებას, პირველ რიგში, ჩემს გარდაცვლილ მამას მივუძღვნი. პირველი ტაიმი ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ უაზრო შეცდომების გამო გაგვივიდა სამი ბურთი. ცოტათი ავიჭერით. გასახდელში დავლაგდით და მოვიგეთ თამაში. მეორე ტაიმი ჩემთვის უფრო რთული იყო, რადგან ძირითადად ჩვენ გვიტევდნენ. ბევრი ბურთის მოგერიება მომიწია. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ფინალში მეტოქეს. ზუსტად ვიცი, რომ „ჯიპა“ გახდება ლიგა 3-ის თასის მფლობელი“.
ფუტსალის ლიგა 3-ის პირველი ფინალური დაპირისპირება 27 აპრილს სპორტ კომპლექს არენა 2-ში გაიმართება.