"ტიფლისი" სადებიუტო სეზონში ლიგა 3-ის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს!

ყველა სიახლე
13 აპრილი 2024

ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის პირველი ფინალისტი ცნობილია. რეგულარული ეტაპის გამარჯვებულმა „ტიფლისმა“ „ბათუმის სპორტული ცენტრი“ მესამე, გადამწყვეტ შეხვედრაში 7-1 დაამარცხა და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

შეხვედრაში ანგარიში „BSC“-მ მეხუთე წუთზე გახსნა, მაგრამ საპასუხო გოლი „ტიფლისისგან“ მალევე მიიღო. წონასწორობა გურამ ნადარეიშვილმა აღადგინა, სამ წუთში გუნდი წინ გაიყვანა და ტაიმის მიწურულს, სეზონის საუკეთესო გოლით, ჰეთ-თრიკი გაიფორმა. მეორე ნახევარში „თბილისელებმა“ უპირატესობა დამაჯერებელი გახადეს. გიორგი თოდუამ დუბლი შეასრულა, ლაშა ჯიქია კი სამი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

რომან იუსუბოვი, BSC: „ამ სამ თამაშს დადებითად შევაფასებდი. შეცდომების გამო გოლები გავუშვით. პირველი წელია ჩვენთვის. „ტიფლისი“ კარგი გუნდია და მივულოცავ. ჩაგვივარდა თამაში, ძალიან ბევრი შეცდომა გვქონდა. უნდა გამოვასწოროთ. გვქონდა შემართება, გვინდოდა ფინალში გასვლა, მაგრამ არ ვიცი, არ გაგვიმართლა“.

გურამ ნადარეიშვილი, ტიფლისი: „სერია რთულად დავიწყეთ. ბიჭებმა ოთხით ნულიდან დაგვიტრიალეს თამაში. შემდეგ ბათუმში გასვლაზე დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტირების და გულშემატკივრის ფაქტორი იყო. დღეს პირველი ბურთი ჩვენ გავუშვით, მაგრამ მოვახერხეთ ძალების მობილიზება. როცა გოლი მივიღეთ, თითქოს უფრო თავისუფლად დავიწყეთ თამაში. ამის შემდეგ სამი გოლის გატანა შევძელით. მეორე ტაიმი უფრო მშვიდად დავიწყეთ, ველოდებოდით ჩვენს შანსებს, რომლებიც გამოვიყენეთ. ძალიან მიხარია ჰეთ-თრიკი და ლამაზი გოლი, უცბად მომაფიქრდა იმ მომენტში დარტყმა. მთავარი იყო ფინალში გავსულიყავით. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ გამოვა ფინალში. გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და მგონია, რომ აუცილებლად მოვიპოვებთ“.

„ტიფლისის“ ფინალური მეტოქე „ჯიპა“-სა და „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას“ შორის გამოვლინდება.



  © SBM, 2016-2024