„ჯიპამ“ 1/2 ფინალის პირველი მატჩი ბათუმში „ბსსა“-სთან სანახაობრივ ბრძოლაში მოიგო!

ყველა სიახლე
09 აპრილი 2024

„ჯიპამ“ 1/2 ფინალის პირველი მატჩი ბათუმში „ბსსა“-სთან სანახაობრივ ბრძოლაში მოიგო!

ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის ნახევარფინალური შეხვედრა „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა“ და „ჯიპას“ შორის ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა. „ჯიპამ“ დრამატულ დაპირისპირებაში 5-4 იმარჯვა და სერიაში დაწინაურდა.

დაძაბული და სანახაობრივი მატჩი თავიდანვე აქტიურად დაიწყო. მეორე წუთზე „სტუდენტები“ ორი ბურთით იგებდნენ. მომდევნო ორ წუთში მასპინძლებისგან საკუთარ კარში მიიღეს გოლები და ანგარიში გათანაბრდა (2-2). ტაიმის დასრულებამდე „ჯიპა“-მ უპირატესობა დაიბრუნა (4-2). მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე გუნდებმა თითო ბურთი გაცვალეს (5-3). ოცდამეათე წუთზე ბესიკ ბალაძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. შეხვედრის ბოლო წუთები განსაკუთრებულად დაძაბული გამოდგა. ბოლო წამებზე „ბსსა“-მ კუთხური შედეგიანად გაათამაშა, მაგრამ სანამ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, დრო ამოიწურა, შესაბამისად, გოლი არ ჩაითვალა და მატჩი 5-4 დასრულდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

თორნიკე ზოიძე, ჯიპა: „ალბათ ანგარიში და მიმდინარეობაც მეტყველებდა თამაშზე თუ როგორი იყო. დიდი პატივისცემა ბათუმს, ძალიან მაგარი გუნდია. ღირსეული მეტოქეა. ჯერ არაფერი დასრულებულა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთი თამაში გვაქვს წინ, მაგრამ ვისიამოვნე დღევანდელი შეხვედრით. სასიამოვნო იყო, თუმცა უფრო მეტი შეგვიძლია. მეტი უნდა გავაკეთოთ. მადლობა ორივე გუნდის გულშემატკივრებს“.

რაულ ჩიკიროვი, ბსსა: „გულშემატკივრებს მოვუხდი პირველ რიგში მადლობას მოსვლისთვის. მოწინააღმდეგის ბრძოლისუნარიანობა ჩანდა ნამდვილად. კარგი გამოცდილების მქონე ბიჭები არიან. დაძაბული თამაში იყო ძალიან. ორი ბურთით გაიჭრნენ თავიდან წინ და მაგით უპირატესობა ჰქონდათ. გამარჯვების მოლოდინები გვქონდა. ცამეტში გვაქვს თამაში და იქაც დავამტკიცებთ ჩვენ ძალებს“.

„ჯიპა“-სა და „ბსსა“-ს შორის განმეორებითი 1/2 ფინალური მატჩი 13 აპრილს სპორტ კომპლექს არენა 2-ში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024