ლიგა 2-ის მეორე ფინალისტი გადამწყვეტ ბრძოლაში გამოვლინდება!

ყველა სიახლე
07 აპრილი 2024

ლიგა 2-ის მეორე ფინალისტი გადამწყვეტ ბრძოლაში გამოვლინდება!

„თსუ 2“-სა და „სეუ“-ს შორის ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალში მოსახვედრად ბრძოლა გრძელდება. გუნდებს შორის განმეორებით 1/2 ფინალში ძირითადი დრო 3-3 დასრულდა. „თსუ“-მ მეტოქე დამატებით ტაიმებში 1-0 დაამარცხა და სერიაში წონასწორობა აღადგინა.

მეთვრამეტე წუთზე დავით გეგეშიძემ მოქმედი ჩემპიონები წინ ექვსმეტრიანი დარტყმით გაიყვანა. ტაიმის დარჩენილ დროში „სეუ“-მ ჯერ წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი ავტოგოლით დაწინაურდა. მეორე ნახევარში გუნდებმა კიდევ თითო ბურთი გაცვალეს. ოცდამეჩვიდმეტე წუთზე ამჯერად ავტოგოლი თსუ-ს სასარგებლოდ გავიდა და ანგარიში 3-3 გახდა. "სეუ"-მ პირველ დამატებით ტაიმში ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა. გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს დავით გეგეშიძემ გაიტანა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბექა ონიანი, სეუ: „მთელი თამაში ჩვენ გვქონდა დიდი უპირატესობა. ბრძოლის და თავდადების ხარჯზე ბოლომდე ითამაშეს ბიჭებმა და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს. ჩვენი ბრალია ეს, რადგან უკან გვქონდა ძალიან დიდი ხარვეზები. წინ ვიყავით, ბოლოს ისე მოხდა, რომ ათმეტრიანი დარტყმაც გავაცუდეთ და მოწინააღმდეგეს მივეცით თამაშის შემობრუნების საშუალება. მგონია, რომ ასი პროცენტით ჩვენ გავალთ ფინალში. მესამე შეხვედრაში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დაცვაში თამაში, რადგან ფუტსალი ისეთი სპორტია, რომ ნახევრად წაგებულ ნაბიჯსაც არ გპატიობს და შესაბამისად, უფრო ხისტები უნდა ვიყოთ. მოწინააღმდეგეს არ უნდა მივცეთ ერთი ერთზე მოტყუების საშუალება“.

დავით გეგეშიძე, თსუ 2: „ნამდვილად ძალიან დაძაბულობა იყო, ანგარიშსაც დაეტყო. დამატებითი დროში გადავიდა თამაში. რეგულარულ სეზონშიც ორივე თამაში ფრე ვითამაშეთ. კონკურენტუნარიანია ჩემპიონატი და ჩვენ ორივე გუნდი ერთნაირი ძალებით ვიბრძვით წინ გასასვლელად. ვცდილობთ, ერთმანეთს ვაჯობოთ. კარგი სერია გამოდის. ვაჟკაცურად ითამაშეს ბიჭებმა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ტაქტიკურზე მეტად თავდადებაა მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი შეძლეს. მაქსიმალურად მოვემზადებით და ვეცდებით, ჩვენი ლიგის დებიუტანტს ვეთამაშოთ ფინალი. მესამე მატჩში იმედი მაქვს, რომ კაპიტანი გეგა კოშაძე დაგვიბრუნდება. გეგა ნახევარი გუნდია ჩემი აზრით. ის დიდი ძალაა. არ მინდა ყველაფერი მასზე გადავიტანო ახლა, ჩვენც ვიბრძოლებთ, მოვემზადებით. მე ვთვლი, რომ ძალები გვეყოფა და უბრძოლველად არაფერი მოხდება“.

მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა „თსუ 2“-სა და „სეუ“-ს შორის 12 აპრილს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024