“დინამომ“ რეგულარული სეზონის გამარჯვებული 1/2 ფინალიდან გამოთიშა!

ყველა სიახლე
06 აპრილი 2024

“დინამომ“ რეგულარული სეზონის გამარჯვებული 1/2 ფინალიდან გამოთიშა!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის პირველი ფინალისტი ცნობილია. „დინამო თბილისმა“ რეგულარული სეზონის ჩემპიონი „საქართველოს უნივერსიტეტი“ განმეორებით შეხვედრაში 3-0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

სახიფათო მომენტებით სავსე პირველი ნახევარი გოლის გარეშე მიილია. „დინამოელთა“ მეკარემ, ლუკა ხარშილაძემ, პირველივე წუთზე პენალტი მოიგერია და კარი მშრალად თამაშის ბოლომდე შეინახა. გიორგი შატაიძემ UG გაშვებულ გოლს არა ერთხელ გადაარჩინა, მაგრამ ოცდამეთხუთმეტე წუთზე „დედაქალაქელები“ დათო ხუბუტიას გოლით დაწინაურდნენ. რამდენიმე წამში სხვაობა ორამდე კახა მაღლაკელიძემ გაზარდა, რომელმაც გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. საბოლოო ანგარიში გიგა ლაგაზაშვილმა დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი შატაიძე, UG: „ორივე თამაშში არ გამართლება იყო. ვინც შეხედავდა, თუნდაც ნეიტრალური გულშემატკივარი ყოფილიყო, ამაში ნამდვილად დამეთანხმება. ბოლოს როგორც ხდება ხოლმე, ვერ გაიტან გაგიტანენ, ზუსტად ეგ დაგვემართა. ბევრი არ გამოყენებული მომენტის შემდეგ დავისაჯეთ. ვულოცავ „დინამოს“.როგორც კი პლეი-ოფები დაიწყო, ჩვენთვის ყველა თამაში ფინალის ტოლფასი იყო. კარგი სეზონი ჩავატარეთ, მაგრამ რაც გვინდოდა იმ შედეგზე ვერ გავედით. შარშანდელი შედეგი გავაუმჯობესეთ, მაგრამ ეს მისაღები არ არის. ბევრი ვიშრომეთ, ფინალში მოსახვედრად, მაგრამ არ გაგვიმართლა, არა უშავს, ვერაფერს ვიზამთ“.

კახა მაღლაკელიძე, დინამო: „ძალიან სანახაობრივი იყო ორივე დაპირისპირება. ტაბლოზე ანგარიში არის, შედეგიც სახეზეა. მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს მაქსიმალური ძალისხმევისთვის და ასევე ჩვენ მთავარ მწვრთნელს, რომლის გარეშეც არაფერი გამოვიდოდა. გულშემატკივარმა ის ატმოსფერო შექმნა, რაც მოთამაშისთვის მოედანზე ძალიან სასიამოვნოა. ფინალში ველოდებით ღირსეულ მეტოქეს. როგორ თამაშსაც ველოდებოდით ზუსტად ისეთივე სირთულის იყო, შეიძლება მეტიც. დღეს სწრაფ გოლს ველოდით, მაგრამ არ მივიღეთ, ამის შემდეგ მეტი თავდაჯერებულობა გამოვიჩინეთ. ორი გოლი ძალიან სწრაფად გავიტანეთ და მეორემ იქონია გარდამტეხი გავლენა“.

„დინამოს“ ფინალური მეტოქე „სეუ“-სა და „თსუ 2“-ს შორის გამოვლინდება.



  © SBM, 2016-2024