ორი მოგერიებული პენალტით "BSC"-მ "ტიფლისი" პირველ 1/2 ფინალში დაამარცხა!

ყველა სიახლე
05 აპრილი 2024

ორი მოგერიებული პენალტით

ფუტსალის ლიგა 3-ში ნახევარფინალებმა სტარტი რეგულარული სეზონის გამარჯვებული „ტიფლისისა“ და „ბათუმის სპორტული ცენტრის“ დაპირისპირებით აიღო.

სანახაობრივი და უხვგოლიანი შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 5-5 დასრულდა, გამარჯვებული კი პენალტების სერიაში გამოვლინდა. „ბათუმელთა“ მეკარემ ორი პენალტი მოიგერია და BSC-მ „საფეხბურთო ლატარიაში“ 4-3 იმარჯვა.

„ტიფლისი“ წინ თამაშის სტარტზე გავიდა და მეთორმეტე წუთზე მეტოქეს ოთხბურთიანი უპირატესობით ამარცხებდა. ტაიმის დასრულებამდე „BSC“-მ ერთი ბურთი გაქვითა, მეორე ნახევარში კი თამაში შემოატრიალა. ოცდამეთერთმეტე წუთზე „თბილისელებმა“ ანგარიში 5-3 გახადეს. რომან იუსუბოვმა დარჩენილ დროში აქტივში მესამე გოლი მიითვალა, ლუკა ჩარგეიშვილმა კი ბოლო წუთზე წონასწორობა აღადგინა. დამატებით დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

პენალტების სერიაში BSC-ს მეკარემ ნიკოლოზ თევზაძემ ორი დარტყმა მოიგერია და გუნდს პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში გამარჯვება მოაპოვებინა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ნიკოლოზ თევზაძე, BSC: “პირველ რიგში, მოხარულები ვართ, რომ შევძელით და გასვლაზე გავიმარჯვეთ. ძალიან სასიამოვნო და დაძაბული შეხვედრა აღმოჩნდა. ვარჯიშები არ გვქონდა, რადგან ესპანეთში ტურნირზე ვიყავით. ამის გარდა, მოთამაშეებს ჰქონდათ მაღალი ტემპერატურა, რის გამოც, ორმაგად რთული იყო თამაში. ეს გვეტყობოდა პირველ ნახევარში. ანგარიშის მიუხედავად, ვცდილობდით ჩვენი თამაში გვეჩვენებინა და მაქსიმალურად გამოგვეყენებინა მომენტები. ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანდა თამაშში დაბრუნება, რადგან ეს მოვახერხეთ, პენალტების სერიაშიც თავდაჯერებულები ვიყავით“.

გურამ ნადარეიშვილი, ტიფლისი: „თავიდან კარგად დავიწყეთ. ოთხი ბურთის სხვაობით ვიყავით წინ, მაგრამ მიყოლებით მივიღეთ გოლები საკუთარ კარში, რამაც განაპირობა კონცენტრაციის დაკარგვა და ბრძოლის დაკლება. შედეგიც მივიღეთ. ეს სპორტი ასეთ ჩავარდნას არ გპატიობს. მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის. ვიცით, ბათუმში რთული თამაში იქნება გასვლაზე, მაგრამ მე ჩემი გუნდის მჯერა და ვფიქრობ, სერიაში ანგარიშს გავათანაბრებთ“.

„ბათუმის სპორტულ ცენტრსა“ და „ტიფლისს“ შორის განმეორებითი შეხვედრა ბათუმში 9 აპრილს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024