"დინამო" ფინალის საგზურს მიუახლოვდა!

ყველა სიახლე
31 მარტი 2024

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში „დინამო თბილისმა“ „საქართველოს უნივერსიტეტი“ 4-2 დაამარცხა და ფინალის საგზურს მიუახლოვდა.

„დინამომ“ წინ გასვლა საწყის წუთებშივე შეძლო და მეტოქეს ზედიზედ ოთხი გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ლაშა-გიორგი ობოლაძეს მხოლოდ UG-სთან არ ჰქონდა აქამდე გოლი გატანილი, ნახევარფინალურ მატჩში კი ესეც მოახერხა. ტაიმის ბოლო წამებზე „სტუდენტებმა“ ერთი ბურთი გაქვითეს. UG-ის უიღბლო სერია მეორე ნახევარშიც გაგრძელდა და ლუკა ხარშილაძის მოგერიებული ბურთების გარდა „დინამო“ რამდენჯერმე გოლისგან ძელმაც იხსნა. ოცდამეთექვსმეტე წუთზე სხვაობა ორამდე შემცირდა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა.

 Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბექა მურღული, UG: „სწრაფი გოლები გავუშვით. ახალი ფეხბურთელები ჰყავდათ დამატებული, ლეგიონერები - პირველად ვნახეთ, აქამდე არც ერთ თამაშში არ ყოფილან. იყო მოულოდნელობის ეფექტი, რადგან არ ვიცოდით ვის ვეთამაშებოდით. მათ განხილული ვყავდით. პირველი ტაიმის მეორე ნახევარში შევძელით მობილიზება. ძალიან ბევრჯერ გაუმართლათ. მთელი თამაში მიგვყავდა უბრალოდ მეკარის და ძელების დამსახურებით ვერ გავედით წინ. ორი ბურთის გაქვითვა მოვახერხეთ. ამით არაფერი დამთავრებულა, ჩვენ გავალთ ფინალში“.

ლუკა ხარშილაძე, დინამო: „ძალიან დაძაბული თამაში იყო. პირველ ტაიმში უფრო მეტი ენერგია გვქონდა. მერე დავიღალეთ და ამან იქონია გავლენა. რადგან მიგვყავდა ანგარიში, უფრო უკნიდან დავიწყეთ თამაში. აქედან გამომდინარე იყო, რომ მხოლოდ პირველ ტაიმში გავიტანეთ ის ოთხი გოლი. სწრაფი ბურთები ძალიან დაგვეხმარა, რადგან ფსიქოლოგიურად  წინ გავედით. პირველი ტაიმი ჩვენი უპირატესობით წავიდა და ჩვენ ვმართავდით თამაშს. ბოლო ათი წუთი დაახლოებით ხუთით გვიტევდნენ და ასეთ დროს რთულია ბურთი დაიჭირო. UG-ს მადლობა, ძალიან საინტერესო მატჩი იყო მაყურებლისთვისაც. განმეორებით შეხვედრაში ამაზე რთულ თამაშს ველოდებით, მაგრამ ჩვენ „დინამო“ ვართ და მზად ვართ გავხდეთ ჩემპიონები“.

„დინამოსა“ და „საქართველოს უნივერსიტეტს“ შორის განმეორებითი შეხვედრა არენა 2-ში 6 აპრილს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024