გრანდ ლიგაში „უკრაინამ“ „არმიამ“ და „McGill“-მა პლეი-ოფი მოგებით დაიწყეს!

ყველა სიახლე
30 მარტი 2024

გრანდ ლიგაში „უკრაინამ“ „არმიამ“ და „McGill“-მა პლეი-ოფი მოგებით დაიწყეს!

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის გრანდ ლიგის პირველი 1/4 ფინალური შეხვედრები გაიმართა. „უკრაინამ“ „არმიამ“ და „მაკგილმა“ თავიანთი მეტოქეები დაამარცხეს და სერიაში უპირატესობა მოიპოვეს.

დღე „უკრაინასა“ და „ელპოზოს“ მატჩით დაიწყო. „უკრაინამ“ საწყის ტაიმში ანგარიში ორჯერ გაათანაბრა, ბოლო წამებზე კი კახაბერ გოგოხიამ შვიდმეტრიანი დარტყმით აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და გუნდი წინ გაიყვანა (3-2). „ელპოზომ“ ოცდამეექვსე წუთზე წონასწორობა აღადგინა, მაგრამ „უკრაინამ“ საბოლოოდ ავტოგოლით 4-3 მოიგო.

მარტივად, 5-0 იმარჯვა „არმიამ“ „ინვესტორსაინთან“. „ძალოვნებმა“ პირველ ტაიმში მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. დარჩენილ დროში სხვაობა სოლიდური გახდა. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი ნიკოლოზ უგრეხელიძემ გაიფორმა.

„McGill”-მა ავერსს 4-1 სძლია. „იურისტებმა“ ორბურთიანი უპირატესობა საწყის წუთებშივე მოიპოვეს. ტაიმის დასრულებამდე სხვაობა სამამდე გაიზარდა. ოცდამეხუთე წუთზე „ფარმაცევტებმა“ პრესტიჟის გოლი გაიტანეს. საბოლოო ანგარიში გიორგი მშვიდობაძემ დააფიქსირა.

31 მარტს სპორტ კომპლექს არენა 2-ში საკვალიფიკაციო ლიგის 1/4 ფინალური სერიის პირველი შეხვედრები გაიმართება. „შიშეჯამი“ „თბილავიამშენს“ ეთამაშება, „ბაზისბანკი“ „მთავარ არხს“ დაუპირისპირდება, „ლაქტალისი“ „სფეისს“ გაეჯიბრება, „e-team” კი "ტერაბანკს" შეხვდება.

გრანდ ლიგის განმეორებითი 1/4 ფინალები 14 აპრილს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024