"ლიბერთი ბანკი" და "NS Studio" 1/4 ფინალურ სერიაში დაწინაურდნენ!

ყველა სიახლე
24 მარტი 2024

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში სტარტი პლეი-ოფებმა აიღო. სპორტ კომპლექს არენა 2-ში A და B ჯგუფების პირველი 1/4 ფინალური შეხვედრები მიმდინარეობს.

დღე B ჯგუფით დაიწყო. „ლიბერთი ბანკმა“ DHL-თან 2-0 იმარჯვა და სერიაში დაწინაურდა. მერვე წუთზე „ბანკირები“ წინ კახა გოგოხიას გოლით გავიდნენ. მეორე ტაიმში სხვაობა ავტოგოლით გაიზარდა. „DHL”-მა ჩამორჩენა ვერ შეამცირა და საბოლოოდ წააგო.

ჯგუფის სხვა შეხვედრაში NS Studio-მ „რუსთავის აზოტი“ პირველ მატჩში 3-1 დაამარცხა და უპირატესობა მოიპოვა. მეათე წუთზე „აზოტი“ გიორგი ახვლედიანმა წინ გაიყვანა, მაგრამ მეტოქემ ანგარიშის შემოტრიალება პირველივე ტაიმში შეძლო (2-1). ოცდამეცამეტე წუთზე ნიკოლოზ დაჩანიძემ აქტივში დუბლი მიითვალა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ზარქუა, DHL: „ვულოცავ მოწინააღმდეგეს პირველი თამაშის მოგებას. ძალიან დაძაბული მატჩი იყო. ერთით ნული დიდ ხანს იყო შენარჩუნებული, თუმცა მაინც დაღლამ იჩინა თავი. მეტოქე უკეთ იყო მომზადებული და მეორე ბურთიც გავიდა. დამთავრებული არაფერი არ არის. ვნახოთ მეორე შეხვედრა როგორ დასრულდება. უშეღავათო ბრძოლას ველოდებით შემდეგში და იმედი გვაქვს, რომ გადავლახავთ ამ რაუნდს“.

კახა ტოგონიძე, ლიბერთი: „დღევანდელი დღისგან რა მოლოდინიც გვქონდა, შესრულდა და გავიმარჯვეთ. წინა შეცდომები გავაანალიზეთ. ერთადერთი ჩვენი პრობლემა არის მომენტების გამოუყენებლობა, რაც შეიძლება სამომავლოდ ანგარიშზე აისახოს. მეტოქე ძალიან დაბალანსებული გუნდია თავის ნახევარზე, უბრალოდ ვიპოვეთ მათი მინუსები და ეს გამოვიყენეთ. ჩვენთვის ფრე მისაღები შედეგი არ იქნება, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძვით და აქედან გამომდინარე, მეორე თამაშსაც მოვიგებთ“.

შეგახსენებთ, რომ 1/4 ფინალები ორთამაშიანია და სერიის გამარჯვებულები განმეორებით შეხვედრებში გამოვლინდებიან.



  © SBM, 2016-2024