ახალგაზრდულ ლიგაში პლეი-ოფის წყვილები ცნობილია!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის დასკვნითი, მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა. „გრანდ ავლაბარმა“ „კომაროვი“ 10-4 დაამარცხა და რეგულარულ სეზონში პირველობა მოიპოვა.
წრიული ეტაპი „პირველი სკოლისა“ და „ხაშურის N9 სკოლის“ გადადებული მატჩის შემდეგ დასრულდება, თუმცა პლეი-ოფის წყვილები უკვე ცნობილია. 1/4 ფინალში ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან: „გრანდ ავლაბარი“ VS „ხაშურის N9 სკოლა“, „სასკოლო ლიგის აკადემია“ VS „ლოგოსი“, „პირველი სკოლა“ VS „კომაროვი“, „ბეტისის აკადემია“ VS „ბაქსვუდის სკოლა“.
„გრანდ ავლაბარსა“ და „კომაროვს“ შორის პირველი ტაიმი 4-2 დასრულდა. მეორე ნახევარში აკადემიის წევრებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარეს და სხვაობა სოლიდური გახადეს (10-4). შეხვედრაში პოკერით და ორი საგოლე გადაცემით საუკეთესო გიორგი აირაპეტიანი იყო. ჰეთ-თრიკი შეასრულა გიორგი ქსოვრელმა.
ტურის სხვა შეხვედრაში „სასკოლო ლიგის აკადემიამ“ „ბაქსვუდის სკოლა“ უშანსოდ დატოვა და 9-1 მოუგო. აკადემიის წევრებმა სრული უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და სხვაობა რვაბურთიანი გახადეს. „ბაქსვუდმა“ პრესტიჟის გოლი მეოცე წუთზე გაიტანა. საბოლოო ანგარიში შეხვედრის მიწურულს ლევან გუგუციძემ დააფიქსირა და ჰეთ-თრიკი გაიფორმა. ოთხი გოლია ილია გოგოხია-ხატისკაცის სახელზე.
ახალგაზრდული ლიგის რეგულარული სეზონი 30 მარტს „პირველი სკოლისა“ და „ხაშურის N9 სკოლის“ დაპირისპირებით დასრულდება.