"BSC" ლიგა 3-ის ფინალში მოსახვედრად იბრძოლებს!

ყველა სიახლე
23 მარტი 2024

ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონში ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. „ბათუმის სპორტულ ცენტრსა“ და „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის მესამე, გადამწყვეტი მატჩი „ბათუმელების“ სასარგებლოდ 5-4 დასრულდა.

პირველი ტაიმი BSC-მ ორი უპასუხო გოლით მოიგო. მეორე ტაიმში „ქუთათურებმა“ სხვაობა მინიმუმამდე სამჯერ სამჯერ შეამცირეს, მაგრამ წონასწორობა ვერ აღადგინეს და ჩემპიონატს გამოეთიშნენ. ლუკა ჩარგეიშვილი და მოსე ჩიკიროვი გუნდს გამარჯვებაში ორ-ორი გოლით დაეხმარნენ. „იმერლების“ რიგებიდან დუბლი ბექა სამყურაშვილმა გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი გურეშიძე, აწსუ: „ძალიან მესიმპათიურება ბათუმის გუნდი და ჩვენი გავარდნის შემდეგ დიდი გულშემატკივარი ვიქნები მათი. ნახევარი გუნდი მაღალი სიცხეების გამო ვერ მოემზადა სათანადოდ. დღესაც ბიჭებმა მაღალი ტემპერატურის ფონზე ითამაშეს. იგრძნობოდა რაღაც-რაღაცები, პატარა აფეთქებები გვქონდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობამ იმოქმედა მოთამაშეებზე. ბოლოსაც მოდუნებულები ვიყავით, მეოთხე გოლიც მაგის მაგალითი იყო“.

ლუკა ჩარგეიშვილი, BSC: „ძალიან კარგი თამაში იყო. პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ, უფრო მეორე ტაიმში წავიდა დაძაბული თამაში. ვარჯიშები არ გვქონია ეს პერიოდი და ვფიქრობ, მაინც კარგად ვიდექით. სამივე მატჩში მეორე ტაიმი იყო რთული. ჩემპიონობისთვის ვიბრძვით და „ტიფლისთანაც“ მოლოდინები ასე თუ ისე გვაქვს. თანაბარი თამაში იყო და ჩვენ გავიმარჯვეთ. წარმატებები აწსუს“.

ფუტსალის ლიგა 3-ის ნახევარფინალში „BSC” „ტიფლისს“ დაუპირისპირდება, „ბსსა“ კი „ჯიპა“-ს გაეჯიბრება.



  © SBM, 2016-2024