ნახევარფინალის უკანასკნელ საგზურს "სეუ" დაეუფლა!

ყველა სიახლე
23 მარტი 2024

ნახევარფინალის უკანასკნელ საგზურს

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. ბოლო საგზური „სეუ“-„ილიაუნი 2“-თან მესამე, გადამწყვეტ ბრძოლაში მოიპოვა. „სტუდენტური დერბი“ სავსე ტრიბუნის ფონზე 3-2 დასრულდა და „სეუ“-მ მომდევნო ეტაპზე გასვლა იზეიმა.

დაძაბული და ემოციური პირველი ტაიმი „ილიაუნიმ“ 2-0 დათმო. ოცდამესამე წუთზე საბა ქურასბედიანმა აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და „სეუ“-ს უპირატესობა სამბურთიანი გახადა. აკაკი გოგატიშვილმა სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეძლო, მაგრამ გიორგი ცხვედიანმა სხვა ყველა სახიფათო მომენტში გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

1/2 ფინალში „სეუ“-ს მეტოქე მოქმედი ჩემპიონი „თსუ 2“ იქნება. რეგულარული სეზონის გამარჯვებული „UG” კი „დინამო“-ს დაუპირისპირდება.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ცხვედიანი, სეუ: „სერია იყო ემოციებით სავსე. მადლობა „ილიაუნის“ ასეთი თავდადებისთვის და სულისკვეთებისთვის. ეს იყო ზუსტად ჩვენი მოტივაცია - გვეჯობნა იმ ყველაფრისთვის, რაც მათი მხრიდან მოდიოდა. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ამ ეტაპს გავივლიდით. რაც ჩავიფიქრეთ, ავასრულეთ, რისთვისაც მადლობა ბიჭებს. ეს უკვე წარსულია. ნახევარფინალია წინ. ძალიან ძლიერი მეტოქე გველოდება. დღევანდელი დღიდან უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი რა იქნება ნახევარფინალში. პირადად ჩემთვის, ძალიან ინტენსიური იყო მეორე ტაიმი. ხშირი დარტყმები წამოვიდა, ეს ანგარიშზეც აისახა. შეძლო მოწინააღმდეგემ ორი გოლის გატანა. რთული იყო მეორე ტაიმი, მაგრამ მთელი ემოცია მეკარეობაში ეს არის“.

აკაკი გოგატიშვილი, ილიაუნი 2: „ძალიან სანახაობრივი თამაში იყო, დაძაბული. გაიმარჯვა ძლიერემა. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები არიან და წარმატებებს ვუსურვებ. ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და დამთავრდა 3-2. მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, ასევე სეუ-ს გულშემატკივარსაც. ატმოსფერო იყო წარმოუდგენელი. ამასაც თავისი მუხტი ჰქონდა. გასახდელში ვისაუბრეთ, მოვიკრიბეთ ძალები და შევქმენით უფრო მომენტები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. საბოლოოდ, ფაქტი სახეზეა, ჩვენ გამოვვარდით, მაგრამ დავბრუნდებით უფრო ძლიერები“.

ფუტსალის ლიგა 2-ის 1/2 ფინალები სტარტს 30 მარტს სპორტ კომპლექს არენა 2-ში „სეუ“-სა და „თსუ 2“-ის დაპირისპირებით აიღებს.



  © SBM, 2016-2024