"ტიფლისი" ნახევარფინალის საგზურს მიუახლოვდა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები რეგულარული სეზონის გამარჯვებული „ტიფლისისა“ და „რიწას“ დაპირისპირებით დასრულდა. „ტიფლისმა“ მეტოქე დიდი ანგარიშით, 9-2 დაამარცხა და სერიაში უპირატესობა მარტივად მოიპოვა.
„თბილისელები“ წინ მესამე წუთზე გავიდნენ, ტაიმი კი 4-1 მოიგეს. მეორე ნახევარშიც თამაში სრულად „ტიფლისის“ კარნახით მიმდინარეობდა და მატჩის დასრულებამდე სხვაობა სოლიდური გახდა. გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო გოლით და ორი შედეგიანი გადაცემით გიორგი თოდუა იყო. ლაშა ჯიქიამ და საბა ეგრისელაშვილმა კი დუბლი შეასრულეს.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლუკა ბიბლაია, რიწა: „ყველამ ვიცით ტიფლისი რა გუნდიც არის. ჩემი აზრით, თავიდანვე ერთ-ერთი ფავორიტიც იყო. საჩემპიონო კალიბრის გუნდია. რაც შეგვეძლო მაგის ნახევარიც არ გაგვიკეთებია დღეს. მეტი უნდა მოვინდომოთ შემდეგი თამაშისთვის. ძალიან ცუდი სტარტი გვაქვს, პირველი სეზონია. ნელ-ნელა ალბათ წინ წავალთ. ტიფლისთან მეორე თამაშიც გვაქვს და მე მგონი ასეთი ადვილი გასეირნება არ იქნება. მინდა გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, ყოველ კვირა ჩვენ გვერდით არიან“.
გიორგი თოდუა, ტიფლისი: „ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ პირველ ადგილზე გავსულიყავით, რათა ცოტა მსუბუქი პლეი-ოფი გვქონოდა. კარგი ბიჭები არიან, იბრძვიან, მაგრამ დღეს ჩვენ უფრო მეტი გავაკეთეთ და გადავდგით პირველი ნაბიჯი ნახევარფინალისკენ. ყველანაირად მომზადებულები ვიყავით. რაღაცების შეცვლას ვაპირებთ, მაგრამ მთლიანად არ შეიცვლება ეს სათამაშო სტილი, რადგან შემდეგ კიდევ გვყავს სხვა მეტოქეები, მათთვის სხვა რაღაცებს შევიმუშავებთ, რათა უფრო პროდუქტიულები ვიყოთ“.
„ტიფლისსა“ და „რიწას“ შორის განმეორებითი ნახევარფინალი 22 მარტს გაიმართება.