"ჯიპა"-მ პლეი-ოფი მოგებით დაიწყო!

ყველა სიახლე
16 მარტი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის 1/4 ფინალური ეტაპი „ჯიპა“-სა და „საქართველოს უნივერსიტეტის“ დაპირისპირებით გაგრძელდა. სანახაობრივ ბრძოლაში „ჯიპა“-მ წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში შემოატრიალა, „UG2“ 3-1 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა.

მეცამეტე წუთზე თორნიკე თოდრიამ გუნდი წინ გაიყვანა. UG2-მა პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით მოიგო. „ჯიპა“ მიღებული გოლის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა და მეტოქე რამდენჯერმე ძელმა იხსნა. ოცდამეშვიდე წუთზე ბექა მირიანაშვილმა დავით ბერაძეს ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი გაატანინა. დარჩენილ დროში მირიანაშვილმა აქტივში დუბლი მიითვალა, რამაც გუნდს საპლეიოფო სერიაში პირველი გამარჯვება მოუტანა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

სანდრო ქავთარაძე, UG2: „პატივისცემა მეტოქეს, ძალიან კარგი თამაში შემოგვთავაზეს. ჩვენც არ დავაკელით ბრძოლა. ჩვენი მიზანი იყო უკნიდან გვეთამაშა და კონტრშეტევები გამოგვეყენებინა. პირველ ტაიმში ეს გამოგვივიდა. მეორე ნახევარში არ გაგვიმართლა. ორი ერთზე გვქონდა მომენტი, სადაც შეგვეძლო გაგვეთანაბრებინა. ყველაფერი წინაა, მეორე თამაში გვაქვს და იქ გადაწყდება. გაიმარჯვებს უძლიერესი. ანგარიშის შენარჩუნებაზე ვთამაშობდით გოლის მიღების შემდეგ, ცოტა დრო რომ დარჩებოდა ხუთზე შეტევაზე რომ გადავსულიყავით. აქედან გამომდინარე, ზეწოლაზე არ ვითამაშეთ, რათა გოლი კიდევ არ გაგვეშვა“.

ბექა მირიანაშვილი, ჯიპა: „როგორსაც ველოდით ისეთი დაძაბული თამაში იყო. მოგებით დავიწყეთ და ეს ბევრს ნიშნავს. სერია ორამდეა და შემდეგშიც იგივე უნდა გავაკეთოთ. რეალურად რომ ვთქვათ, მომენტები სულ ჩვენ გვქონდა. მეტოქეს ალბათ ერთი მომენტი ჰქონდა პირველ ტაიმში და ეგეც გოლი გაიტანეს. მეორე ტაიმის დასაწყისშიც ძელს მოვარტყით ძალიან ბევრი, მაგრამ საბოლოოდ ჩვენი შეტევები აისახა ანგარიშზე და მოგებით დავასრულეთ მატჩი. ატმოსფერო იყო ძალიან კარგი და მოხარული ვარ. UG-საც ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა, ჩვენც და ძალიან ვისიამოვნეთ, რისთვისაც მადლობა მათ“.

„ჯიპა“-სა და „UG2”-ს შორის განმეორებითი მატჩი სპორტ კომპლექს არენა 2-ში 22 მარტს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024