"მეზღვაურები" მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირდნენ!

ყველა სიახლე
16 მარტი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის საპლეიოფო შეხვედრები მიმდინარეობს. „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ“ „რუსთავი“ განმეორებით 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში 7-2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

ოცდამეთექვსმეტე წუთამდე „რუსთაველები“ სერიის გადასარჩენად იბრძოდნენ. პირველი ტაიმი „ბათუმელების“ სასარგებლოდ 2-1 დასრულდა. მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე სხვაობა ავტოგოლით მეორედ გაიზარდა. ალექსანდრე ტურიაშვილმა ჩამორჩენა მინიმუმამდე კვლავ შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ „მეზღვაურებმა“ თამაშზე კონტროლი დაიბრუნეს და დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბესიკ ბალაძე, ბსსა: „ქუთაისთან შედარებით დღევანდელი თამაშით ბევრად კმაყოფილები ვართ. მეტი შეხვედრა გვაქვს ჩატარებული ამ დარბაზში, უფრო მეტად ვართ მიჩვეული აქაურობას. პირველი ტაიმი ორით ერთი მორჩა. გვსურდა ბევრად უფრო დამაჯერებლად დაგვემთავრებინა პირველი ტაიმი. წინა თამაშთან შედარებით „რუსთავი“ უფრო მონდომებით იყო გამოსული. იბრძოდნენ, რომ კიდევ ერთი თამაში მოეპოვებინათ ჩვენთან, მაგრამ ჩვენც არა ნაკლები ჟინი გვქონდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ნახევარფინალში ბევრად უკეთესები ვიქნებით“.

ალექსანდრე ტურიაშვილი, რუსთავი: „ჩვენთვის სეზონის დაწყება საკმაოდ რთული იყო, თუმცა გვინდოდა ნელ-ნელა მოგვეკრიბა ძალები. რაღაც პირობებიდან გამომდინარე, ვერ ვვარჯიშობდით, ამის გამო ვერ მოვახერხეთ სასურველი შედეგის დადება. დღეს კარგად დავიწყეთ, ბსსა ძალიან კარგი გუნდია. მომზადებულები შევხვდით მათ. გვინდოდა, რაღაცნაირად სენსაცია მოგვეხდინა, მაგრამ პატარა შეცდომების გამო არ გამოვიდა ის, რაც გვინდოდა. წარმატებები მეტოქეს და ჩვენ ალბათ მომავალი სეზონიდან დავბრუნდებით“.

ფუტსალის ლიგა 3-ში 1/4 ფინალური სერიის შეხვედრები გრძელდება.



  © SBM, 2016-2024