"დინამო"-მ "გორი" ლიგა 2-ის პლეი-ოფიდან გამოთიშა!

ყველა სიახლე
15 მარტი 2024

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონში პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. „დინამო თბილისმა“ „გორი“ მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

„გორელები“ ომარ ცარიელაშვილის გოლებით წინ ორჯერ გავიდნენ. „დინამომ“ წონასწორობა ორივეჯერ აღადგინა და ოცდამეთხუთმეტე წუთზე დაწინაურდა. თამაშის დასრულებამდე ლაშა-გიორგი ობოლაძემ აქტივში მესამე ბურთიც მიითვალა და „თბილისელებმა“ მეტოქეს საბოლოოდ 4-2 სძლიეს. აღსანიშნავია, რომ შესრულებული ჰეთ-თრიკით ობოლაძე ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა და გეგა კოშაძეს ორი გოლით გადაუსწრო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ომარ ცარიელაშვილი, გორი: „პირველი თამაში წაგებული გვქონდა. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ კარგად შევხვედროდით ამ მატჩს. არაფერი დავაკელით, მაგრამ უფრო დამსახურებულად გავიდნენ შემდეგ ეტაპზე. ორჯერ ვიგებდით თამაშს, მაგრამ უფრო ინდივიდუალურად გადაწყვიტა ბომბარდირმა, ობოლაძემ... ასე ვთქვათ, ვერ გავაჩერეთ. გაგვიტანა გადამწყვეტი გოლი და დამთავრდა 4-2. სეზონი საერთოდ ცუდად დავიწყეთ, მეკარეც არ გვყავდა, მეორე წრეში უფრო გამოვასწორეთ თამაში, მაგრამ შეგვეძლო უფრო კარგ ადგილზე დაგვესრულებინა ასპარეზობა“.

ალექსანდრე ცირეკიძე, დინამო: „თავიდან ცოტა ცუდად დავიწყეთ, ორჯერ ვმარცხდებოდით, მაგრამ რაც მთავარია ხასიათი გამოვავლინეთ. გარდამტეხი მომენტი ჩემი აზრით იყო როდესაც უკვე ორით ორი გავხადეთ ანგარიში, თითქოს გორმა დათმო თამაში და ჩვენ უკეთესები ვიყავით. უფრო მეტად გვსურდა გოლის გატანა, რომ დაგვემთავრებინა მეოთხედფინალები და ნახევარფინალებში მაქსიმალურად დასვენებულები ვყოფილიყავით. წინა თამაშიდან გამომდინარე არ ველოდებოდით, რომ ანგარიშს წაგვიყვანდნენ, ამიტომ ცოტა უყურადღებოდ ვიყავით თავიდან. თამაშიდან თამაშამდე ვვითარდებით, ჩემი თანაგუნდელების მჯერა, ჩვენ დინამო ვართ და ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძვით“.

„დინამო თბილისის“ მეტოქე „UG”-სა „EU“-ს შორის გამოვლინდება.



  © SBM, 2016-2024