"სეუ" "ილიაუნი 2"-ის წყვილში შემდეგ ეტაპზე გამსვლელს მესამე მატჩი გამოავლენს!
ყველა სიახლე„სეუ“-მ „ილიაუნი 2“ ფუტსალის ლიგა 2-ის ¼ ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში 6-4 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
მატჩი თავიდანვე აქტიურად დაიწყო. მეცხრე წუთამდე "ილიაუნიმ" სხვაობა მინიმუმამდე ორჯერ შეამცირა (2-1, 3-1). ტაიმის დასრულებამდე "სეუ"-მ უპირატესობა გაზარდა (4-2). მეორე ნახევარში გუნდებმა ორ-ორი ბურთი გაცვალეს და "სტუდენტური დერბი" საბოლოოდ "სეუ"-ს სასარგებლოდ დასრულდა. გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო, მეკარე, გიორგი ცხვედიანი იყო, "ილიაუნის" რიგებიდან დუბლით და საგოლე გადაცემით გიორგი ბიბილეიშვილი გამოირჩა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
დავით თაბაგარი, ილიაუნი 2-ის მთავარი მწვრთნელი: „მადლობა მეტოქეს ასეთი ბრძოლისთვის. ორი თამაშია ორივე გუნდი ერთმანეთს ტოლს არ ვუდებთ. დღეს მათ უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდათ, პირველ რიგში იმიტომ, რომ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ, წაგება და ტურნირს ემშვიდობებოდნენ. ჩვენ ამიტომ დავიწყეთ ალბათ მოდუნებულად, რადგან ერთი თამაში კიდევ თადარიგში გვქონდა. მეორე ტაიმში გამოვასწორეთ ასე თუ ისე თამაში, მაგრამ ვეღარ შემოვატრიალეთ ანგარიში. გადამწყვეტ თამაშამდე საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაოთ. ემოციები ვაკონტროლოთ, რაც ხელს გვიშლის. უნდა დავამუშაოთ ბევრი ახალი კომბინაცია, რომლითაც მეტოქეს სიურპრიზს შევთავაზებთ“.
ამირან ცხომარია, სეუ-ს მთავარი მწვრთნელი: „დღევანდელ თამაშს შევაფასებდი იდეალურად. ანგარიშსაც შეეტყო დაძაბულობა, რომელიც როგორც მოედანზე, ისე ტრიბუნაზეც იგრძნობოდა. ამ სპორტს უხდება ეს ყველაფერი. ჩვენი მიზანი დღეს სერიაში ანგარიშის გათანაბრება იყო, სხვა შედეგი არ განიხილებოდა. პირველი თამაშის შემდეგ ვიმუშავეთ, ტაქტიკური გადანაცვლებები გავაკეთეთ, რამაც ვფიქრობ, რომ გაამართლა. წინ მესამე თამაშია, ვფიქრობ, რომ ორივე გუნდს თანაბარი შანსები აქვს. ძლიერი გაიმარჯვებს“.
"სეუ"-სა და "ილიაუნი 2"-ს შორის გამარჯვებული მესამე, გადამწყვეტ, შეხვედრაში გამოვლინდება.