"ილიაუნი 2"-მა "სეუ" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და სერიაში წინ გავიდა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის პირველი 1/4 ფინალური შეხვედრები „სეუ“-სა და „ილიაუნი 2“-ის სანახაობრივი დაპირისპირებით დასრულდა. სახიფათო მომენტებით სავსე მატჩში „ილიაუნიმ“ მეტოქე 4-1 დაამარცხა.
პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე „სეუ“-ს მიღებული გოლის გაქვითვა ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმით შეეძლო, მაგრამ „სტუდენტებმა“ შანსი ვერ გამოიყენეს. დროის ამოწურვამდე „ილიაუნი“ წინ ორი ბურთით გავიდა (2-0). ოცდამეთერთმეტე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა (2-1). „ილიაუნიმ“ მეტოქის ყველა შეტევა მოიგერია და ორი კონტრიერიში გოლით დაასრულა. გიორგი წიქვაძემ აქტივში მესამე გოლი საფინალო სირენამდე ათი წამით ადრე მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის საუკეთესო მოთამაშეების კომენტარებს:
საბა ქურასბედიანი, სეუ: „მოსაგებად ვიყავით გამოსულები, სამწუხაროდ, წავაგეთ. შემდეგში გამოვასწორებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. მომენტები ვერ გამოვიყენეთ და მაგის ბრალია, შემდეგზე ყველაფერს გავიტანთ. დარწმუნებულები ვიყავით რომ მოვიგებდით. რომ მოგვეგო ბევრად უკეთესი იქნებოდა. ახალი დაწყებული მაქვს ფუტსალი და ძალიან კარგი ატმოსფეროა, კარგად გულშემატკივრობენ“.
გიორგი წიქვაძე, ილიაუნი 2: „ძალიან დასაფასებელია ამ სპორტში ასეთი გულშემატკივრობა. ორივე მხარე მინდა აღვნიშნო. ორმოცდაათი თუ არა ოცდაათი პროცენტი მაინც მათი დამსახურებაა დღევანდელი მოგება. ძალიან გარდამავალი უპირატესობა იყო. რაც მთელი რეგულარული სეზონი გვაკლდა დასკვნით ფაზაში მომენტების გამოყენება, შევცვალეთ ეს და შევძელით, რომ უფრო მომაკვდინებლები ვიყოთ მეტოქის კართან. სერიაში დაწინაურებით ძალიან მოხარულები ვართ. ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, რადგან ერთი პატარა ფეხის დაცდენა და შესაძლებელია სერია მთლიანად შემოტრიალდეს. გულშემატკივრებს ვპირდებით, რომ მეტი შრომისმოყვარეობით დავბრუნდებით შემდეგ თამაშში“.
ფუტსალის ლიგა 2-ის განმეორებითი 1/4 ფინალური შეხვედრები 12 მარტს ქუთაისში და 15 მარტს თბილისში გაიმართება.