"დინამო" ნახევარფინალის საგზურს მიუახლოვდა!

ყველა სიახლე
08 მარტი 2024

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის პირველი 1/4 ფინალური შეხვედრები „გორისა“ და „დინამო თბილისის“ მატჩით გაგრძელდა. „დედაქალაქელებმა“ მეტოქეს უშანსოდ მოუგეს, ანგარიშით 7-3 და სერიაში უპირატესობა მოიპოვეს.

ლაშა-გიორგი ობოლაძემ „დინამოს“ შვიდივე გოლში მიიღო მონაწილეობა - მის ანგარიშზე პოკერი და სამი საგოლე გადაცემაა. პირველი ტაიმი „გორმა“ 5-1 დათმო. თამაშის განახლებიდან ორ წუთში „დინამოელთა“ ბომბარდირმა აქტივში ორი გოლი მიითვალა და სხვაობა სოლიდური გახადა. დარჩენილ დროში „გორელემა“ ჩამორჩენა მხოლოდ უმნიშვნელოდ შეამცირეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით ადუაშვილი, გორი: „სამწუხაროდ, მართლა ადვილად დავმარცხდით. არ ველოდებოდით ასე თუ წავაგებდით, მაგრამ ალბათ ახალგაზრდულმა გუნდმა მაინც თავისი ქნა. ძალიან ასაკიანი გუნდი ვართ და რაც უფრო ფინალისკენ მივდივართ, უფრო გადაღლა გვეტყობა. ალბათ მთავარი პრობლემა ეს არის. ჩვენ იმის პრობლემა არ გვაქვს, ფსიქოლოგიურად მოვიშალოთ. მაქსიმუმს ვდებთ ყოველთვის. ხანდახან იღბალიც საჭიროა. მომავალ თამაშში აუცილებლად ვიბრძოლებთ და ამაზე უკეთეს თამაშს შემოგთავაზებთ“.

ლაშა-გიორგი ობოლაძე, დინამო: „პირველ რიგში, ბიჭებს მინდა მივულოცო გამარჯვება. პლეი-ოფები დაიწყო და ყველანი მოტივირებულები ვართ, რათა ფინალი ვითამაშოთ. ანგარიშის მიუხედავად, მინდა ვთქვა, რომ ადვილი თამაში არ იყო. გორმაც იბრძოლა. ალბათ მესამე-მეოთხე გოლის შემდეგ მოტივაცია ასე თუ ისე დაეკარგა მეტოქე გუნდს. ჩვენ უფრო მოტივირებულები ვიყავით მეტი გოლი გაგვეტანა, რადგან თამაშის მოგება გვინდოდა. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით და კიდევ მეტი მინდა. მეორე შეხვედრა, ჩემი აზრით, უფრო რთული იქნება. ჩვენ მოსაგებად გავდივართ ყველა ვარიანტში“.

პირველი 1/4 ფინალური შეხვედრების დასკვნითი მატჩი არენა 2-ში „სეუ“-სა და „ილიაუნი 2“-ს შორის გაიმართება.



  © SBM, 2016-2024