ლიგა 2-ში პლეი-ოფებმა სტარტი UG-ის გამარჯვებით აიღო!

ყველა სიახლე
08 მარტი 2024

ლიგა 2-ში პლეი-ოფებმა სტარტი UG-ის გამარჯვებით აიღო!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონში სტარტი პლეი-ოფებმა აიღო. 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს რეგულარული ეტაპის გამარჯვებული „საქართველოს უნივერსიტეტი“ და „ევროპის უნივერსიტეტი“ დაუპირისპირდნენ. UG-მ მეტოქე 5-3 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა.

„სტუდენტური დერბის“ პირველი ნახევარი UG-მ 3-1 მოიგო. პლეი-ოფის პირველი გოლი ლუკა ელიზბარაშვილის სახელზეა, რომელმაც შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. სხვაობა მეორე ნახევარში ორი ბურთით კიდევ გაიზარდა (5-1). არასრულ ერთ წუთში EU-მ დავით უბილავას გოლით და საგოლე გადაცემით ჩამორჩენა შეამცირა (5-3), მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში UG-მ იმარჯვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლუკა ელიზბარაშვილი, UG: „მადლობა მოწინააღმდეგე გუნდს, სანახაობრივად გამოვიდა ძალიან კარგი თამაში. მეორე ტაიმში ცოტა დაიძაბა, მინუსები გვქონდა. მწვრთნელის დავალებების ნაწილი კი შევასრულეთ, მაგრამ ვეცდებით, რომ მომავალ თამაშში უკეთესად ვიყოთ და მოვუმატოთ. ძალიან დამღლელი თამაში იყო. პირველ ტაიმში კი გავედით წინ, მაგრამ ბურთებით რომ დაგვეწივნენ, მერე იმათმაც მოუმატეს ტემპს“.

დავით უბილავა, EU: „მაქსიმალურად ვვარჯიშობდით, რომ პლეი-ოფში კარგი შედეგები დაგვედო. ვეცადეთ დღეს, ყველაფერი ჩავდეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთ. რა თქმა უნდა, UG ძალიან კარგი გუნდია, ლიგა 2-ის პირველადგილოსანია და მოგვიწია ძალიან მძიმე მატჩი. მოვემზადებით შემდეგი შეხვედრისთვის და შევეცდებით მოვიგოთ. მეორე ტაიმის დასაწყისში მაინც ფსიქოლოგიური მომენტი გვქონდა, რომელიც დავძლიეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ვერ მოვახერხეთ მოგება. ახალი დაკომპლექტებული გუნდი ვართ და უკეთეს შედეგებსაც დავდებთ. არ გაგვიმართლა რაღაც მომენტებში“.

არენა 2-ში ლიგა 2-ის 1/4 ფინალური ეტაპის სხვა შეხვედრებიც გაიმართება.

 



  © SBM, 2016-2024